ადვოკატი - ჯერჯერობით არ ვიცი, რას ედავებიან ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს - მითხრა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, თხოვნის მიუხედავად ბორკილები არ მოხსნეს, შემოწმებისას კი მოსთხოვეს სრულად გაშიშვლება და „ბუქნების“ გაკეთება აიძულეს

ადვოკატი - ჯერჯერობით არ ვიცი, რას ედავებიან ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს - მითხრა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, თხოვნის მიუხედავად ბორკილები არ მოხსნეს, შემოწმებისას კი მოსთხოვეს სრულად გაშიშვლება და „ბუქნების“ გაკეთება აიძულეს

7 წუთის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 22

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილის მიმართ, რომელიც 22 ნოემბერს დააკავეს, კანონსაწინააღმდეგო და ღირსების შემლახველი მოპყრობა განხორციელდა.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გიორგი მამნიაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილები ედო, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი დიღმის იზოლატორშია მოთავსებული, სადაც ადვოკატმა მოინახულა.

„ჯერჯერობით, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რას ედავებიან, თუმცა როგორც მეუბნება, ერთ-ერთი მუხლი, რომელიც დაკავების ოქმში ეწერა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, არც კანონიერი რაიმე მოთხოვნა ყოფილა მისი მისამართით და არც რაიმე სახის დაუმორჩილებლობა. დააკავეს იმის გამო, რომ სხვისი დაკავების ვიდეოებს იღებდა და შემდგომ, გაშუქების მიზნით, ტელეკომპანია „პირველს“ მუდმივ რეჟიმში აწვდიდა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე და უშუალოდ დაკავების პროცესშიც. დიღმის მთავარ სამმართველოში არის გადაყვანილი. რამდენიმე საათის განმავლობაში უკან შეკრული ხელებით ვიყავი კახეთის გზატკეცილზე, შუშებიან შენობაში და იქ ადგენდნენ დაკავების ოქმებსო. თხოვნის მიუხედავად, არ მომხსნეს ბორკილები, დაახლოებით 2 საათის შემდგომ, ძლივს მოვახსნევინე ბორკილებიო. იზოლატორში შესახლების პერიოდში შემოწმებისას მოსთხოვეს სრულად გაშიშვლება შემოწმების მიზნით და „ბუქნების“ გაკეთება აიძულეს“,-განაცხადა ადვოკატმა.

თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, დაკავებულის სრული გაშიშვლება და მსგავსი მოქმედება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კონვენციას, ასევე კონსტიტუციას, რადგან ღირსების შემლახველია.

„არ ვიცი, რა მტკიცებულება ექნება სასამართლოში მხარეს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ კანონიერი მოთხოვნა ვერ იქნებოდა გაჟღერებული ჟურნალისტის მიმართ, რადგან ის უკანონო დაკავებებს თავად იღებდა. შესაბამისად, უფრო მოგონილ სამართალდარღვევაში უფრო არის ეს ადამიანი დადანაშაულებული, ვიდრე ფაქტობრივ მოცემულობაში. რაც შეეხება შემდგომში განხორციელებულ ქმედებებს, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ადამიანს ბორკილი არ უნდა ედოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არის უკვე ზედამხედველობის ქვეშ რამდენიმე სამართალდამცავის მიერ. რაც შეეხება გაშიშვლებას, კანონში პირდაპირ წერია, რომ აკრძალულია პიროვნების სრული გაშიშვლება და მსგავსი მოქმედება ეწინააღმდეგება, როგორც კონვენციას, ასევე კონსტიტუციას, ეს ღირსების შემლახველია“,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი გუშინ, საპროტესტო აქციაზე დააკავეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე