ადვოკატ მარიამ შათირიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა იქნა გამოყენებული, სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდება.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააპელაციო საჩივარი მზადდება, რომელიც მეორე ინსტანციაში დღეს, 18:00 საათამდე შევა. რაც შეეხება ბრალდებულ ყოფილ მინისტრს, ადვოკატის თქმით, ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
„მიგვაჩნია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გამოყენება იყო სრულიად დაუსაბუთებელი, არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს იმ რისკებს, რაც გამოძიებას მიაჩნია, რომ არსებობს.
ჯუანშერ ბურჭულაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პოზიცია უცვლელია ამ დროისთვის. ჩვენ ვსწავლობთ საქმის მასალებს, რაც ამ დროისთვის გადმოგვეცა გამოძიების მიერ და შესაბამისად, საქმის შესწავლის შემდგომ კიდევ უფრო დეტალურად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სიმართლე ყველანაირი მტკიცებულებით იქნება გამყარებული.
ამ ეტაპზე არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შესაძლოა რაიმე დამატებითი ბრალი იქნას წარდგენილი, რადგან რაც წარდგენილია ისიც კი არ ეყრდნობა არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას.“-განაცხადა მარიამ შათირიშვილმა