ადვოკატი - საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა დაიწყო, რადგან მას 20 დღეა ოჯახთან დარეკვის შესაძლებლობა არ აქვს

ადვოკატი - საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა დაიწყო, რადგან მას 20 დღეა ოჯახთან დარეკვის შესაძლებლობა არ აქვს

21 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 200

საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ბრალდებულმა სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა დაიწყო, რადგან მას 20 დღეა ოჯახთან დარეკვის შესაძლებლობა არ აქვს, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ კუხარჩუკის ადვოკატმა, ნიკოლოზ ლეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მას სურდა ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ეცნობებინა მოსამართლისთვის, თუმცა დღის განმავლობაში მოწმის დაკითხვის ფარგლებში ვერ მოახერხა, ხოლო მას შემდეგ, როცა უკვე მოწმე დაიკითხა და გადაწყვიტა აღნიშნული ეთქვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისთვის, მან უპასუხა, რომ „უკვე დაასრულა პროცესი”.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სერგეი კუხარჩუკმა გუშინ დაიწყო შიმშილობა, რადგანაც 20 დღის განმავლობაში მას არ ჰქონდა შესაძლებლობა დაერეკა მის ოჯახის წევრებთან. მოგეხსენებათ, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, უკრაინის მოქალაქეა და ეს 20 დღეა მას შესაძლებლობა არ აქვს დარეკოს მის ოჯახის წევრებთან. ეს წარმოადგენს დარღვევას. გასათვალისწინებელია ის, რომ ქსნის საპატიმრო დაწესებულებიდან თბილისში გადაიყვანეს და პერიოდი სჭირდებოდა, მაგრამ 20 დღე არ არის ის პერიოდი, რომელიც საჭირო იყო იმ ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად, რაღაც ბარათის ნომრის კოდის შესაცვლელად, რასაც ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს.

გუშინდელი დღიდან ის გადაიყვანეს მოშიმშილეთა საკანში. ერთია ის, რომ მედიას არანაირი წვდომა არ აქვს სასამართლო სხდომასთან და შესაბამისად, მის ოჯახის წევრებს ასეთი ფორმითაც არ აქვს შესაძლებლობა იხილონ ან კავშირი იქონიონ, თვალყური მიადევნონ სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესებს. შესაბამისად, მას პირადად არ აქვს შესაძლებლობა, რომ დარეკოს ოჯახის წევრებთან და ინფორმაცია მიაწოდოს მისი მდგომარეობის შესახებ.

ქსნიდან რეკავდა. ახლა გადმოიყვანეს მე-8 დაწესებულებაში.

მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა მოწმის დაკითხვა და მე ბუნებრივია, მოწმის დაკითხვის დროს ამ საკითხს ვერ დავაყენებდი. ისე მოხდა, რომ მე ვერ შევძელი ამ საკითხის დაყენება, მაგრამ დღის ბოლოს მივაწოდე ინფორმაცია მოსამართლეს [ნინო გალუსტაშვილს], რომ კუხარჩუკს სურდა განცხადების გაკეთება და რომ ის შიმშილობს. მოსამართლემ მითხრა, რომ უკვე დაასრულა პროცესი”, - განაცხადა ნიკოლოზ ლეგაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე