ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის ადვოკატის, სერგო ხურციძის განცხადებით, ის ინტერპოლს არ დაუკავებია და რუსეთში საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა.
ადვოკატის თქმით, პაპაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
„არსებული ინფორმაციით, რომელიც მისი ოჯახისგან მივიღე, გიორგი პაპაშვილი თავად გამოცხადდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიებში, სადაც თავდაპირველად, გარკვეული გაუგებრობაც შეიქმნა, რადგან მათ ამ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოში გაგზავნა მოსთხოვა. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ვერ წყვეტდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, მოითხოვეს, მათ ოჯახს ბილეთი გაეგზავნათ, რაც გააკეთეს, თუმცა, შემდეგ შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ მათი ნორმატიული აქტიდან გამომდინარე, ეს ასე მალე ვერ მოხდებოდა. იქ ადვოკატი დაენიშნა.
სამართალდამცავ ორგანოებში თვითონ გამოცხადდა, რაზეც მეტყველებს ის, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ოჯახთან 2-დღიანი უწყვეტი კომუნიკაცია ჰქონდა და საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა, ბილეთი გაგზავნილია იქაურ საზოგადოებრივ ადვოკატთან“, - განაცხადა ხურციძემ.
კითხვაზე, თუკი ჩაბარებას აპირებდა, რატომ გაიქცა ქვეყნიდან, ადვოკატი პასუხობს, რომ მასთან კავშირი არ აქვს.
„მასთან საუბარი არ მქონია, ის მხოლოდ მის ოჯახის წევრებს ენდობა, თუმცა, მისგან დათქმა არის, როცა ჩამოვა, საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს ნათელს მოჰფენს. აღიარებს თუ არა ბრალდებას, ეს ჩემთვის უცნობია, მასთან კავშირი არ მაქვს, მოულოდნელად გამოჩნდა და საქმის კურსში ოჯახის წევრები ჩააყენა, თავად გადაწყვიტა ჩაბარება“, - განაცხადა ხურციძემ.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ.
ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.