ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, რეანიმაციიდან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ახლობლების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაძლოა, მალე ბინაზე გაწერონ“, - აცხადებენ დაზარალებულის ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი დაზიანებებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. მას დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში, ასევე კიდურებზე ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარ ფაქტში სასულიერო პირი ფიგურირებს.