ალექსანდრე დარახველიძე - გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული

ალექსანდრე დარახველიძე - გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 157

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი იმისა, რომ ქვეყნიდან მოხდეს იმ უცხოელის გაძევება, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს.

ამის თაობაზე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც შს სამინისტროს მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, პირველი მოსმენით წარადგინა.

დარახველიძემ ამ კონტექსტში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, აქციებში არაერთი უცხოელი მონაწილეობდა, რომლებიც „დესტრუქციულ ქმედებებში იყვნენ ჩართული“.

მისივე თქმით, „დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული“.

„მათ მიერ სამართალდარღვევის გამო არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება არის გამოტანილი. გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობაც, თუმცა გაძევების არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. შესაბამისად, ეს მუხლი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში დესტრუქციის მიზნით შემოდიან, გამოყენებული იყოს ღონისძიება - ქვეყნიდან გაძევება და გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება იყოს დაცული.

ამ პირების გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში აქციების წინა დღეებში შემოვიდა. ეს ფაქტი შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნებს აჩენდეს. ეს ადამიანები გარკვეულ პირებს დესტრუქციული ქმედებებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ. ორგანიზაციული ნაწილი რომ გამოკვეთილიყო, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგებოდა. დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ კონკრეტული პირების დაკავება და ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება დაიწყო, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

სამწუხაროდ, საქმეს ართულებდა ის, რომ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული პირების მიმართ 10-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოხდა, მათ საქართველოში უვიზოდ დარჩენის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ გაძევების პროცედურა ვერ დავიწყეთ.

იყო შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ანჩისხატის ეკლესიას კვერცხები დაუშინეს, რამაც საზოგადოებაში დიდი აგრესია გამოიწვია.

ადმინისტრაციული კუთხით მნიშვნელოვანია ისეთი დარღვევები როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა. ეს ის შემთხვევებია, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციის და სახელმწიფოს მიმართ იყენებენ. ასე რომ, თუ ჩვენ ეფექტური მექანიზმები გვექნება, დესტრუქციული ქმედებებს პასუხს გავცემთ. ეს აქციებში მსგავსი ძალების ჩართვის პრევენციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენამ, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შესაძლოა, მისი საქართველოდან გაძევება და მის მიმართ საქართველოში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვა გამოიწვიოს. აღნიშნული ზომა უცხოელის მიმართ იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ, თუ ის შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, სახდელის ორი ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შემოდის. აღნიშნული სახდელები უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიყენება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე