დაზიანებების თაობაზე დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს ეს დაზიანებები გამოწვეული იყო კონკრეტულ შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, თუ სხვა ტიპის გადაცდომას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულ ორი პირთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომლებიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე მიუთითებენ.
მისი თქმით, დაკავების დროს, კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, ერთ შემთხვევაში პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს და შესაბამისად, მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება.
„საზოგადოებამ ნახა სხვადასხვა სოციალური ქსელებით, რომ დაკავების დროს, კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. ერთ შემთხვევაში ნახეთ კიდეც, რომ პოლიციელებს ყავაც კი შეასხეს. შესაბამისად, მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება და დაწყებულია შესაბამისი წარმოება. რაც შეეხება დაზიანებებს - აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შესაბამისად, ეს დაზიანებები გამოწვეული იყო კონკრეტულ შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, თუ სხვა ტიპის გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს უკვე გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს.
როგორც კი მოთავსდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ექიმთან დაეფიქსირებინათ აღნიშნული დაზიანების და პრეტენზიების შესახებ. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საგამოძიებო სამსახურს. ეს არის პროცედურა, რაც არის კანონით გათვალისწინებული“, - განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის განცხადებით, 22 მაისს, თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მიუთითებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.