4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელთა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება“ - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საპატიმროში მყოფ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე:
„ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, განსხვავებული აზრის გამოხატვა ფაქტობრივად კრიმინალიზებულია“.„როდესაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში სხედან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავდასხმის ობიექტები არიან, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ატარებს იმ პირობებში, სადაც ადამიანების გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები ითელება.„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებათა კუთხით აღებული ვალდებულებები და შეწყვიტოს პოლიციის საშუალებით ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და მომიტინგეების წამება ან მათდამი სხვა სახის არასათანადო მოპყრობა. ამგვარმა დარღვევებმა ქვეყანა ადამიანის უფლებების მხრივ ღრმა კრიზისში შეიყვანა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ", - განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.