აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა. ეს არის პრობლემა საქართველოსთვის. რეაგირებას ეგ საჭიროებს და არა ის საჯაროდ ცნობილი ფაქტები, რომელიც სხვა კვლევაშია მიმოხილული, თუ კიდევ რომელ კვლევაში და სტატიაში, - ამის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა, როცა ჭავჭავაძის გამზირზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, ასეულობით თანამოქალაქე დგას აიათოლა ხამენეის პორტრეტით.
„უპირველეს ყოვლისა, გასაკვირი იყო ჩემთვის საერთოდ ეს გამოკითხვა და სხვა გამოკითხვებიც, რადგან რაც დაუმსახურებლად უყურადღებოდ რჩება, არის არა ამა თუ იმ კვლევის შინაარსი, არამედ საჯაროდ ცნობილი ფაქტები, რომელიც ამ კვლევაში არის აღწერილი.
ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ტერორიზმის გამოა დასანქცირებული, საჯაროდ არის ცნობილი და არაერთი მოსმენა გამართულა ამერიკის კონგრესში ამასთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე ეს დიდი ქსელია საქართველოში. სერიოზული პრობლემაა, როცა ჭავჭავაძის გამზირზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე დგას აიათოლა ხამენეის პორტრეტით და ყვირიან, რომ ჩვენ მზად ვართ შენი ბრძანების შესასრულებლადო. რა ბრძანების შესასრულებლად არიან მზად? ხამენეის გაცხადებული მიზანი იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ამერიკელების მკვლელობა. ვინც გუშინ ყვიროდა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აშკარად ინდოქტრინებულები არიან და აშკარად სჯერათ რასაც ამბობენ, ვინმე რომ წავიდეს და რამე ჩაიდინოს მერე რას ვშვებით საერთოდ? ამიტომ აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა. ეს არის პრობლემა საქართველოსთვის. რეაგირებას ეგ საჭიროებს და არა ის საჯაროდ ცნობილი ფაქტები, რომელიც სხვა კვლევაშია მიმოხილული თუ კიდევ რომელ კვლევაში და სტატიაში“, - განაცხადა კანდელაკმა.
კითხვაზე, რატომ გასაჯაროვდა ახლა ჩატარებული კვლევა, კანდელაკი აღნიშნავს, რომ ახლა იმიტომ გასაჯაროვდა, რომ კვლევა რამდენიმე კვირის წინ იყო მზად, უბრალოდ რედაქტირებას და დაკაბადონებას გადიოდა და ეს უბრალოდ დამთხვევაა.
„ახლა იმიტომ გასაჯაროვდა, რომ კვლევა რამდენიმე კვირის წინ იყო მზად, უბრალოდ რედაქტირებას და დაკაბადონებას გადიოდა. ეს უბრალოდ დამთხვევაა. პრობლემა არის ისევ და ისევ ამ კვლევაში ჩამოთვლილი მოვლენები და ჭავჭავაძის გამზირზე რომ ყვირის ასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომ ხამენეის ბრძანებებს შევასრულებთო აი ახლაო. აი ეგ არის მყისიერი საფრთხის მატარებელი“, - აღნიშნა კანდელაკმა.
ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.