აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაშალეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი“, - აღნიშნა ბლინკენმა.