ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, აშშ-ის არმია ქალაქში დროებით დაახლოებით 700 საზღვაო ქვეითს განათავსებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის განცხადებით, საზღვაო ქვეითების განლაგება ლოს-ანჯელესში წესრიგის აღსადგენად ხორციელდება.
„ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და ფედერალური შენობების მიმართ გაზრდილი საფრთხის გამო, პენდლტონის ბანაკიდან დაახლოებით 700 აქტიური აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი ლოს-ანჯელესში წესრიგის აღსადგენად გადაჰყავთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები - მაშინაც კი, თუ გევინ ნიუსომი ამას არ გააკეთებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
კალიფორნიის შტატმა ორშაბათს ტრამპის ადმინისტრაციას ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების განლაგების დაბლოკვის მოთხოვნით უჩივლა, იმ მოტივით, რომ ეს ფედერალურ კანონს და შტატის სუვერენიტეტს არღვევს. მოგვიანებით, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ მას აცნობეს, რომ ტრამპი ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2 000 ჯარისკაცს განალაგებს.
„პირველი 2 000? არც საკვები და არც წყალი არ მისცეს. მხოლოდ დაახლოებით 300 ჯარისკაცია განლაგებული - დანარჩენები ბრძანების გარეშე ფედერალურ შენობებში სხედან, უსარგებლოდ. საქმე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ ეხება. საქმე სახიფათო პრეზიდენტის ეგოს შეურაცხყოფას ეხება. ეს უგუნურებაა. უაზრობაა და ჩვენი ჯარისკაცების მიმართ უპატივცემულობაა“, - დაწერა გევინ ნიუსომმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგების შემდეგ, საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვა ქალაქებშიც დაიწყო. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპადან დაწყებული, მასაჩუსეტსის შტატის ბოსტონით და ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონით დამთავრებული.