ბექა ჯაიანი - დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა - განვიზრახე, მომეკლა

ბექა ჯაიანი - დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა - განვიზრახე, მომეკლა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

[კესარიამ] მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა... განვიზრახე, მომეკლა, - ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ჩვენებაში აცხადებს, რომელიც სასამართლოში გამოაქვეყნეს.

პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, პარალელურად კი, მონიტორზე მტკიცებულებებს აქვეყნებს. საგამოძიებო უწყებას ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ ფარულად ჰყავს ჩაწერილი, სადაც ის მკვლელობას აღიარებს, ამასთან დეტალურად ჰყვება ტრანსგენდერი ქალისა და მისი ურთიერთობის შესახებ.

ამავე ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე ოჯახის წევრებს, როგორც ეკა, ასე გააცნო. ჯაიანის თქმითვე, ეჭვიანობა ხდებოდა როგორც მისი, ასევე კესარიას მხრიდან.

„ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო... პირველად იმიტომ აირია[ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა.... ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო... მერე შევრიგდით“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.

ამასთან, გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა ვითარებაში მიიღო კესარია აბრამიძემ ტვინის შერყევა, ჯაიანი პასუხობს, რომ ეს „ჭიდაობის დროს, თავისით მოხდა“.

„დამირტყამს, მაგრამ მაგ დროს ვჭიდაობდით, შემომარტყა და წონასწორობა ვერ დაიცვა, გადავარდა. თავისიც დაეცა, მე მივიყვანე [საავადმყოფოში], მე წამოვიყვანე, ჩემიდან გამომდინარე არ მომხდარა... 1 კვირა დაშორებულები ვიყავით, მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა...“, - აღნიშნავს ჯაიანი.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ის ჩვენებაში ამბობს:

„აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი... ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაარტყა დანა, ის პასუხობს, რომ „აფექტში იყო და არ ახსოვს“.

ამ წუთებში, ჯაიანსა და აბრამიძეს შორის არსებულ სატელეფონო მიმოწერებს იკვლევენ. ერთ-ერთ ჩანაწერში კესარია აბრამიძე ჯაიანას ეუბნება, რომ მისი საცხოვრებელი სახლი დატოვოს, რადგან „კასტეტით“ ცემა.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 158


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!