20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეორე ბრალდებულმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობითვე, მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მოკლული გია ხაიკაშვილის ახლობელი ambebi.ge - ს უყვება:
"გია სტეფანწმინდაში ცხოვრობდა, უძვირფასესი პიროვნება იყო, ყველას იმედი და გვერდში მდგომი ვაჟკაცი. იმ ღამით აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ მეზობლები, დღეობაზე გიაც იყო. ქუშაშვილები - ძმები და ბიძაშვილები (სულ ხუთნი იყვნენ) უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, რისთვისაც გიამ შენიშვნა მისცა, წესრიგისკენ მოუწოდა. ძმებს უთქვამთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთსო. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი რესტორან "წანარეთში“ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ქუშაშვილებს გიას დაცინვა დაუწყიათ, სათვალე ხომ არ გიჭერსო და მსგავსი რეპლიკებით აიგდეს. იქაც მოხდა შელაპარაკება და როცა გია უკან წამოსულა, დაურეკავთ მისთვის და საქმის გასარჩევად დაუბარებიათ - გველეთს ჩამოდი, იქ გელოდებითო.
გია ადგილზე მარტო მივიდა, გვიკვირს, ასე რატომ მოიქცა, როცა იცოდა, რა საშინელ პიროვნებებთან ჰქონდა საქმე... თუმცა, გია უძლიერესი ბიჭი იყო და მისთვის 4 და 5 კაცთან გამკლავება, არაფერი იყო. მისი მესიჯები ნახეს, სადაც ქუშაშვილები წერდნენ, - სადა ხარ, არ მოდიხარ? შეგეშინდა? გელოდებით... გია დანით დაჭრეს, ჭრილობები ძირითადად თავისა და ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილზე ხუთნი ყოფილან - ძმები და მათი სამი ბიძაშვილი. სამმა მათგანმა მოახერხა ყაზბეგიდან ორჯონიკიძეში გადასვლა, ნიკამ და პაატამ ვერა, რადგან პირობითი ჰქონდათ (ესენიც ცდილობდნენ, მაგრამ საზღვარი ვერ გადაკვეთეს, უკან მოაბრუნეს და დააკავეს), ნასამართლევები არიან. ამდენი ჭრილობის მიუხედავად, გია საავადმყოფოში კიდევ ცოცხალი იყო და ლაპარაკიც შეეძლო.
წარმოიდგინეთ, შენიშვნის მიცემის გამო მოკლეს ასე სადისტურად მთასავით კაცი. ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ხევში მსგავსი არაფერი მომხდარა, მკვლელობა არავის ახსოვს, რაც საამაყოდ გვქონდა. ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა და ისეც ასეთი სასტიკი მკვლელობა...
გიას მთელი ხევი გლოვობს, ისეთი კარგი პიროვნება იყო.. მას შესანიშნავი ოჯახი ჰყავს. გიას კოტეჯები ჰქონდა ყაზბეგში და აქირავებდა, საკმაოდ შეძლებული ოჯახია, ქალ-ვაჟი და ერთი შვილიშვილი დარჩა. გიას დღეს დაკრძალავენ, გუშინ ქუშაშვილების გვარიც შეირიგეს (ეს დაკრძალვამდე უნდა მომხდარიყო), მაგრამ ამ ამ ტრაგედიის გაგრძელება რა იქნება, არავინ იცის“.
წყარო: Ambebi.ge