დავით მათიკაშვილი - გერმანიის ელჩი ცდება, როცა ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე თავდასხმა ხდება - ურთიერთობების გართულების მიზეზი მათ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ!

დავით მათიკაშვილი - გერმანიის ელჩი ცდება, როცა ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე თავდასხმა ხდება - ურთიერთობების გართულების მიზეზი მათ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ!

13 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 238

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ცდება, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე თავდასხმა ხდება - თუკი ურთიერთობების რაიმე ფორმით გართულებაზეა საუბარი, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებმა ამის მიზეზი თავად ევროკავშირის ბიუროკრატიასა და მათ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილი ტელეკომპანია “იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ბათუმში, პიტერ ფიშერი “ოპოზიციის აქტივისტებს“ შეხვდა.

მათიკაშვილის თქმით, “ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი რადიკალებს კულუარულად ხვდება, ბევრ რამეზე მეტყველებს და რაკი არის შეხვედრის თემების დამალვისა და მასზე ჩუმად საუბრის საჭიროება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ის საკითხებია, რაც რადიკალებს აღელვებთ“.

“სამწუხარო მოცემულობაა, როდესაც პარტნიორი ქვეყნის ელჩი კულუარულად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ელჩის დამოკიდებულება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არის მცდელობა იმისა, მოსახლეობის ნება-სურვილის ნიველირება მოახდინოს და ეს ყველაფერი გლობალური ნეგატიური ძალების სასარგებლოდ იყოს გადატანილი. ეს ძალიან სამწუხაროა!

გერმანიის ელჩი სცდება, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან რაიმე ფორმით ევროკავშირზე თავდასხმა ხდება. მას მოვუწოდებდი, კარგად გაიაზროს მოვლენათა განვითარების ის ჯაჭვი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით განვითარდა - თუ როგორ იყენებდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად, რათა საქართველო მისთვის დამღუპველ პროცესებში ჩართულიყო. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია ამ კუთხით ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ვნახეთ, როგორ მიბრძანდებოდნენ ანტისახელისუფლებო მიტინგებზე, სადაც რადიკალები საკუთარ ზრახვებს ამზეურებდნენ; როგორ იდგნენ ტრიბუნასთან და მოუწოდებდნენ საზოგადოებას ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა თანამდებობის პირები.

თუკი ჩვენ რაიმე ფორმით ურთიერთობების გართულებაზე ვსაუბრობთ, ამის მიზეზი, პირველ რიგში, ევროკავშირის და გერმანიის ელჩმა ევროკავშირის ბიუროკრატიაში და მათ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ, სადაც ანტიქართული რიტორიკა ჭარბობს.

ეს არის მიზეზი და კარგი იქნება, თუ მიზეზს სწორად მოძებნიან!“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე