დიდმა ბრიტანეთმა კრემლის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშური ქსელების საქმიანობა აღკვეთა. ლონდონში ასამართლებენ ბულგარელთა ჯგუფს, რომლებიც, გამომძიებლების თქმით, წინასწარ შერჩეულ ადამიანებს უთვალთვალებდნენ და მათ შესახებ ინფორმაციას მოსკოვში აგზავნიდნენ. ბოლო დღეებში პოლიციამ კიდევ ერთი ქსელი გამოააშკარავა, რომელიც ბრიტანეთში რუსეთიდან შესული „შავი“ ფულის გათეთრებას აპირებდა.
ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში რუსული ჯაშუშური ქსელის არსებობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრ სამ მამაკაცსა და ორ ქალს გამომძიებლებმა ბრალი რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობასა და ჯაშუშობაში წაუყენეს.
ბულგარელების ჯგუფი, მოსკოვისთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად, ყალბ პირადობის მონაცემებს და თანამზრახველებს იყენებდა. ამ ჯგუფს ასევე თვალყური უნდა ედევნებინა და დაეგეგმა ბულგარელი ჟურნალისტის გატაცება დიდ ბრიტანეთში, რომელიც სერგეი სკრიპალის მოწამვლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობდა.
კიდევ ერთი შემთხვევა უკავშირდება ჯგუფს, რომელიც დიდ ბრიტანეთში რუსული ფულის გათეთრებას აპირებდა: პოლიციამ ცოტა ხნის წინ მისი გაუვნებელყოფის შესახებ განაცხადა.
ფულის გათეთრების სქემა ეკატერინა ჟდანოვას უნდა შეექმნა, რომელიც წარმოშობით ციმბირელია. ამ სქემის თანახმად, სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილ რუს ოლიგარქებს, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების მეშვეობით, ბრიტანულ აქტივებში კრიპტოვალუტის ინვესტირება უნდა მოეხდინათ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი მოქმედებდა 30 ქვეყანაში - დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან დაწყებული და ახლო აღმოსავლეთით და სამხრეთ ამერიკით დამთავრებული. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში პოლიციამ ამ საქმეზე ათობით ადამიანი დააკავა.
ბრიტანეთის კონტრდაზვერვის განცხადებით, ეს არის რუსული გავლენის აშკარა დემონსტრირება არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელ დასავლეთ ევროპაში. „რუსეთის სამხედრო დაზვერვა მუდმივად აწყობს ქაოსს ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში. ჩვენ კარგად ვხედავთ მის მიერ ორგანიზებულ ხანძრებს, დივერსიებს და ბევრ სხვა საშიშ, უგუნურ ქმედებებს, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება“, - აღნიშნა ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა, კენ მაკკალუმმა.