სავაჭრო ომის შედეგი უარესი იქნება ჩინელებისთვის, რომლებიც აშშ-ზე არიან დამოკიდებულები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მათ ბაიდენთან ერთი ტრილიონი დოლარი გააკეთეს, მეტიც, 1,1 ტრილიონი დოლარი. იცით, ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რომ თაროები ცარიელი იქნება. კი, შესაძლოა, ბავშვებს 30 თოჯინის ნაცვლად ორი თოჯინა ჰქონდეთ და შესაძლოა, ეს ორი თოჯინა ჩვეულებრივზე რამდენიმე დოლარით მეტი ღირდეს“,- განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ტრამპმა უპასუხა: „ეს მოხდება“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკელებს არ სჭირდებათ ბევრი საქონელი, რომელიც ჩინეთიდან შემოდის.
„მათ აქვთ გემები, რომლებიც დატვირთულია ნივთებით, რომელთა უმეტესობაც, არა ყველა, მაგრამ უმეტესობა, ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ უნდა დავდოთ სამართლიანი გარიგება. ჩვენ გაგვძარცვა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ. მაგრამ ჩინეთი, ვიტყოდი, რომ არის წამყვანი, წამყვანი და მთავარი კანდიდატი მთავარი მძარცველის ტიტულზე“,- განაცხადა ტრამპმა.