მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მოხდა 2 860 საგზაო შემთხვევა, დაშავდა 3 860 და დაიღუპა 216 პირი. აღნიშნული მონაცემები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. განსაკუთრებით საგანგაშოა ლეტალობა, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი. უკვე მოთმინების დრო არ არის და აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან, პრაქტიკულად, ჩვენ თვალწინ იღუპებიან მოქალაქეები და ამ დროს, ჩვენ ვიცით, რომ ამის პრევენცია შესაძლებელია, - ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
ეკა ლალიაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობისა და მძიმედ დაშავების შემცირების შესახებ ფინეთის მაგალითი მოიყვანა.
„შარშან, ფინეთმა მოახერხა ნულოვანი ლეტალობა, მთელი წლის განმავლობაში არცერთი ადამიანი არ დაღუპულა საგზაო შემთხვევებში, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება არამხოლოდ ჰელსინკისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა, რომ ნულოვანი ხედვა გამართლებულია. შესაბამისად, ჩვენ საქართველოში შეიძლება ეს ერთ წელიწადში ვერ მოვახერხოთ, მაგრამ საგზაო შემთხვევებში დაღუპვის და მძიმედ დაშავების მაჩვენებელი ყოველწლიურად შეგვიძლია მკაფიოდ შევამციროთ. ფინეთში ეს შემთხვევით არ მომხდარა, მათ უსაფრთხო სისტემის მოდელი აქვთ, რაც გულისხმობს ყველა მიმართულებას - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ადამიანის ცნობიერება, კანონმდებლობა და მისი აღსრულება, საგზაო შემთხვევის შედეგად მკურნალობა და ა.შ. ეს ყველაფერი ისე არის დარეგულირებული, რომ ადამიანური შეცდომები, რომელიც აღიარებულია, რომ დიახ, მოხდება გზებზე, იყოს მიტევებული“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, ასევე საზოგადოების.
„ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს ვალდებულება და თავის მიზანი აქვს, რომ 2025 წლისთვის 25%-ით შეამციროს მძიმე შედეგები, რაც უნდა შევადაროთ 2020 წლის მონაცემებს, ხოლო 2023 წლისთვის მთლიანობაში, 50%-ით უნდა შემცირდეს. ეს არის გაეროს მოქმედების დეკადა,რომლის მიზანი არის 10 წლის განმავლობაში 50%-ით შემცირდეს ლეტალობა და მძიმე დაზიანება და საქართველო არის ამის ნაწილი. შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ, რადგანაც შემცირების ნაცვლად, თვალსა და ხელს შუა, ვხედავთ,რომ მძიმე შემთხვევები იზრდება “, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ არსებულ სტატისტიკაში ფიქსირებულია მხოლოდ ადამიანური შეცდომებით გამოწვეული შემთხვევები, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და სხვა. მაგრამ ასევე, უნდა არსებობდეს სტატისტიკა ინფრასტრუქტურის შესახებ.
„ჩვენ უნდა გვქონდეს სტატისტიკა, რომელიც გვეტყვის, ინფრასტრუქტურის ხარვეზის გამო ან სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო მოხდა შემთხვევები ან ეს იყო კომბინირებული შემთხვევები. ჩვენ უნდა გვქონდეს მთლიანი სურათი და არა მხოლოდ ადამიანურ შეცდომებზე დაფუძნებული. შესაბამისად, სახელმწიფოს გაუადვილდება მიზანმიმართულად ებრძოლოს შავ წერტილებს იმ დროს, როდესაც გვაქვს მთლიანი მიზეზები, გაატაროს ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუშლის საგზაო შემთხვევის შემცირებას. ყველა გატარებული რეფორმა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს შედეგებთან, სხვა შემთხვევაში, არცერთი ჯარიმის გაზრდას, არცერთ საკანონმდებლო ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მან შედეგი არ მოგვიტანა“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.