ერთი წელი სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ

ერთი წელი სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 83

ერთი წელი სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ განხორციელებული ხელისუფლების  ზეწოლის მოკლე ანგარიში

ფაქტები, ქრონოლოგია და მიმდინარე მდგომარეობა

30 ივნისი, 2025 – 30 ივნისი, 2026

შესავალი

წინამდებარე ანგარიში მომზადებულია ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიერ 2025 წლის 30 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდში განვითარებული მოვლენების, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობის, სამართლებრივი პროცესებისა და კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის წარმოსაჩენად.

ანგარიშის მიზანია, ფაქტებზე დაყრდნობით წარმოადგინოს იმ მოვლენების სრული სურათი, რომლებმაც, მნიშვნელოვნად დააზიანა დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის საქმიანობა და შექმნა მისი არსებობის საფრთხე.

დოკუმენტი ეფუძნება ოფიციალურ დოკუმენტებს, სახელმწიფო უწყებებთან მიმოწერას, სასამართლო მასალებს, ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, საჯარო განცხადებებსა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სამართლებრივ მოქმედებებს.

2025 წლის 30 ივნისიდან ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზეწოლის პირობებში საქმიანობს. ამ პერიოდში კომპანიას არაერთხელ შეეზღუდა საქმიანობის თავისუფლება, დაედო ინკასო საბანკო ანგარიშებზე, შეექმნა ხელოვნური ადმინისტრაციული ბარიერები. ამ პერიოდში, არაერთ სახელმწიფო უწყებასა და საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ დახმარებისა და სამართლებრივი შეფასების თხოვნით.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი მიმართვებისა, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების უმრავლესობამ არ უზრუნველყო ეფექტიანი რეაგირება. შედეგად, 36-წლიანი ისტორიის მქონე დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებელი არსებობის უმძიმესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

წარმოდგენილი ანგარიში ასახავს ამ ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს, განხორციელებულ სამართლებრივ მოქმედებებს, გაგზავნილ მიმართვებსა და მიღებულ პასუხებს.

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" 36 წელია საქართველოს დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებელია.

ტელეკომპანია მაუწყებლობს შიდა ქართლის რეგიონში ღია საეთერო სიხშირით, ხოლო საკაბელო ოპერატორებისა და ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით.

რადიო "თრიალეთი" FM 104.9 სიხშირეზე ყოველდღიურად მაუწყებლობს შიდა ქართლისა და მიმდებარე რეგიონების მნიშვნელოვან ნაწილში.

"თრიალეთი" აქტიურად არის წარმოდგენილი ციფრულ პლატფორმებზეც. ტელე-რადიო კომპანიის Facebook-ის გვერდზე, ვებგვერდზე, Instagram-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე ყოველდღიურად ქვეყნდება ინფორმაცია როგორც შიდა ქართლის რეგიონის, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. "თრიალეთის" Facebook-ის გვერდს 145 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ის არხს – 15 000-ზე მეტი გამომწერი.

დაარსების დღიდან "თრიალეთი" აშუქებს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს.

36 წლის განმავლობაში ტელეკომპანია მუშაობდა სხვადასხვა ხელისუფლების პოლიტიკური  ზეწოლის პირობებში, თუმცა, მსგავსი მასშტაბისა და ხანგრძლივობის ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზეწოლა არასოდეს განუცდია.

რატომ არის მნიშვნელოვანი "თრიალეთი"

·       36-წლიანი ისტორიის მქონე დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებელი;

  • ერთ-ერთი უძველესი დამოუკიდებელი რეგიონული ტელე-რადიო კომპანია საქართველოში;
  • ემსახურება შიდა ქართლის მოსახლეობას, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე თემებს;

·       უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას, საჯარო დისკუსიასა და განსხვავებული მოსაზრებების წარმოჩენას;

მისი არსებობა მნიშვნელოვანია მედიის პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.

თუ სახელმწიფოს შეუძლია, შერჩევითი ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის მეშვეობით დახუროს 36-წლიანი დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებელი, იგივე პრაქტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

ამიტომ ეს საქმე აღარ ეხება მხოლოდ "თრიალეთს". იგი ეხება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის არსებობის მომავალს.

რატომ არის ეს საქმე საშიში

·       თუ ხელისუფლებას შეუძლია ერთი ტელევიზიის მიმართ გამოიყენოს განსხვავებული, დისკრიმინაციული მიდგომა,

  • თუ სასამართლო დროულად არ რეაგირებს,
  • თუ პარლამენტი დუმს,
  • თუ სახალხო დამცველი არ აფასებს შესაძლო დისკრიმინაციას,

·       თუ საჯარო ინფორმაცია არ გაიცემა,

იქმნება გარემო, სადაც ნებისმიერი დამოუკიდებელი მედია შეიძლება აღმოჩნდეს ანალოგიური ზეწოლის ქვეშ.

წარმოდგენილი ფაქტები აჩენს კითხვას, რამდენად ეფექტიანად მოქმედებენ საქართველოში ის ინსტიტუტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დამოუკიდებელი მედიის დაცვა და კანონის წინაშე თანასწორობა.

ერთი წელი სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ

1.     2025 წლის 30 ივნისს პირველად და 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, "თრიალეთს" საგადასახადო ინკასო სამჯერ დაედო. ყოველი ახალი ფინანსური შეზღუდვა ემთხვეოდა "თრიალეთის" ეთერში გასულ კრიტიკულ მასალებს.

2.     ინკასოს დადებისა და მოკლე ვადაში მოხსნის განმეორებადი პრაქტიკა ადასტურებს, რომ შემოსავლების სამსახურის ქმედებები მიზანმიმართულად გამოიყენებოდა როგორც ფინანსური ზეწოლისა და დაშინების მექანიზმი.

3.     ამავე დროს, "თრალეთზე" ასჯერ მეტი საგადასახადო დავალიანების მქონე "რუსთავი 2"-სა და "იმედს" სახელმწიფომ რესტრუქტურიზაციისა და საგადასახადო შეთანხმების შესაძლებლობა მისცა.

4.     სახელმწიფო ზეწოლის შედეგად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო შეწყდა ტელეკომპანია "თრიალეთის" სატელიტური მაუწყებლობა.

5.     თორმეტი თვის განმავლობაში "თრიალეთმა" ასობით ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, საჯარო რეესტრს, სახალხო დამცველს, სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის უმოქმედობამ, მაუწყებლის ფუნქციონირება სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა.

6.     განსაკუთრებით სამწუხაროა სახალხო დამცველის დუმილი, რომელიც ექვსი თვეა, არ ახდენს საკითხის შესწავლას, არ ადგენს დისკრიმინაციისა და შერჩევითი სამართლის ნიშნებს და არ იცავს დამოუკიდებელ მედიას ზეწოლებისგან.

7.     კომპანიამ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციებსა და კომიტეტებს. არც ერთი მათგანის მხრიდან საკითხის განხილვა არ დაწყებულა. პარლამენტიც დუმს.

8.     "თრიალეთმა" რამდენჯერმე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას, შეესწავლა საკითხი და მოეხდინათ ფინანსთა მინისტრის და შემოსავების სამსახურის უფროსის მოსმენა, მაგრამ ძალიან სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციაც არ რეაგირებს.

9.     "თრიალეთს" პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და ფინანსთა სამინისტრო არ აწვდიან კანონით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას. ხელისუფლება დღემდე მალავს, რა პირობებით გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება და ვალის რესტრუქტურიზაცია ტელეკომპანიებს "რუსთავი 2"-სა და "მედს".

10.  საჯარო რეესტრმა, ხელოვნურად შეცვლილი ტექსტის საფუძველზე შეაჩერა კომპანიის სარეგისტრაციო პროცესი, რაც "თრიალეთმა" გაასაჩივრა და რამდენიმე თვე დაგვჭირდა სიმართლის დამტკიცებისა და შედეგის მისაღებად და მთელი ის პერიოდი, დაბლოკილი გვქონდა საბუღალტრო წარმოების შესაძლებლობა.

11.  "თრიალეთმა" 14 მაისს მიმართა პროკურატურას და მოითხოვა საჯარო რეესტრის ქმედებების შესწავლა. პროკურატურამ არც კი გვიპასუხა.

12.  სააპელაციო სასამართლოში კვლავ მიმდინარეობს დავა.  გადაწყვეტილების გამოტანის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა გავიდა 16 მაისს, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს.

13.  კომპანიამ არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს და ითხოვდა თანაბარ მოპყრობას, სამართლიანობასა და პასუხებს, თუმცა უშედეგოდ. არანაირი პასუხი.

14.  ამ პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუარესდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.  თანამშრომლები თვეების განმავლობაში მუშაობენ ხელფასის გარეშე. მაუწყებლობის უწყვეტობა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა.

ერთი წლის ქრონოლოგია

30 ივნისი, 2025 – 30 ივნისი, 2026

30 ივნისი, 2025

💰   შემოსავლების სამსახურმა ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო.  აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას შეეზღუდა ფინანსური რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, რამაც გაართულა მიმდინარე საქმიანობა.

1 ივლისი, 2025    

👤📄  კომპანიამ წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.  მიმართვაში მოთხოვნილი იყო თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფა.

2 ივლისი, 2025    

🛡️📄   მიმართვა გაეგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს. კომპანიამ ითხოვა შეესწავლა შესაძლო შერჩევითი და არათანაბარი მოპყრობის საკითხი.

10 ივლისი, 2025    

🏢📄   საქართველოს მთავრობას წარედგინა საგადასახადო შეთანხმებისა და დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის თხოვნა.

 11 ივლისი, 2025    

💼📄   წერილობითი მიმართვები გაეგზავნა ბიძინა ივანიშვილს, ფინანსთა მინისტრს; შემოსავლების სამსახურს. მიმართვებში კომპანია ითხოვდა თანაბარი პირობების გამოყენებას და საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას.

2 აგვისტო, 2025

💰   შემოსავლების სამსახურმა ინკასო მოხსნა.

1 ოქტომბერი, 2025    

💰   ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს" განმეორებით დაედო ინკასო.

30 ოქტომბერი, 2025    

💰   ინკასო კვლავ მოიხსნა.

9 იანვარი, 2026   

💰   კომპანიას ინკასო მესამედ დაადეს, რომელიც ამჟამადაც მოქმედებს.

10 იანვარი, 2026   

💰   კომპანიამ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება.

10 იანვარი, 2026

💰   კომპანიამ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მიმართა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით.

29 იანვარი, 2026

🛡️📄   განმეორებითი მიმართვა გაეგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს. კომპანიამ მოითხოვა მისი განცხადების განხილვა და ზეწოლის სამართლებრივი შეფასება.

1 თებერვალი, 2026 

📡   ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" სატელიტური მაუწყებლობა.

9 თებერვალი, 2026

👤📄  პრემიერ-მინისტრს გაეგზავნა წერილი. კომპანიამ მოითხოვა ვალის გადახდის გრაფიკის დამტკიცება, რათა შეწყვეტილიყო არაპროპორციული ფინანსური ზეწოლა.

16 მარტი, 2026    

⚖️    კომპანიამ საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოში. სასამართლომ  აცნობა მხარეს, რომ საპროცესო კოდექსის 419- მუხლის საფუძველზე საჩივარი  ორი თვის ვადაში განიხილებოდა. ვადა გასულია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

8 მაისი, 2026    

📑   საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა "თრიალეთის" სარეგისტრაციო პროცესი. გადაწყვეტილება ეფუძნება წესდების ჩანაწერის არასწორ ინტერპრეტაციას, რასაც კომპანია სამართლებრივად ასაჩივრებს.

11 მაისი, 2026 

📑    საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი.

14 მაისი, 2026

⚖️    საქართველოს გენერალურ პროკურორს გაეგზავნა მიმართვა საჯარო რეესტრის მოქმედებების შესწავლის მოთხოვნით.

25 მაისი, 2026    

🏛️   წერილობითი მიმართვა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს. კომპანიამ მოითხოვა წარმოდგენილი ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

25 მაისი, 2026

📬   კომპანიამ განმეორებით მიმართა  პრემიერ-მინისტრს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, სხვა მედიასაშუალებებთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმებებისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ. მოთხოვნილი ინფორმაცია დღემდე არ მოგვწოდებია.

8 ივნისი, 2026

🏛️    საქართველოს პარლამენტს გაეგზავნა განმეორებითი წერილი. კომპანიამ აცნობა, რომ თუ არ შეწყდებოდა ზეწოლა, 30 ივნისს შესაძლოა მაუწყებლობა შეწყვეტილიყო.

ამასთანავე, ყოველდღიურად აქვეყნებთ საჯარო განცხადებებს, "თრილეთის" მიმართ ზეწოლების ყველა ფაქტისა და  პრობლემების შესახებ.

"თრიალეთზე" ხელისუფლების ზეწოლების ერთი წლის გასვლის დღეს, 30 ივნისს, გორში,   გაიმართა "თრიალეთის" მხარდამჭერთა აქცია;

საერთაშორისო კომუნიკაცია

🌍📄    ერთი წლის განმავლობაში ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდებოდა:

·       საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს;

·       ევროკავშირის ინსტიტუტებს;

·       ევროპის საბჭოს;

·       ეუთოს;

·       გაეროს წარმომადგენლობებს;

·       მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზეწოლის მექანიზმები

2025 წლის 30 ივნისიდან ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ ადგილი ჰქონდა არათანაბარ, შერჩევით და არაპროპორციულ მიდგომას.

1. ფინანსური ზეწოლა

2025 წლის 30 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდში ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს" სამჯერ დაედო საგადასახადო ინკასო.

პირველი ინკასო მოქმედებდა 2025 წლის 30 ივნისიდან 2 აგვისტომდე.

მეორე ინკასო მოქმედებდა 2025 წლის 21 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე.

მესამე ინკასო 2026 წლის 9 იანვარს იქნა დადებული და ანგარიშის მომზადების დროისთვის კვლავ მოქმედებს.

ინკასოს შედეგად კომპანიის საბანკო ანგარიშებზე შემოსული თანხები სრულად მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა.

შედეგად, კომპანიას გაუჭირდა:

·       თანამშრომლების შრომის ანაზღაურების გაცემა;

  • პროგრამული და ტექნიკური ხარჯების დაფარვა;
  • სატელიტური მაუწყებლობის შენარჩუნება;

·       მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის განხორციელება.

არაერთხელ ვითხოვეთ დავალიანების გადანაწილება იმავე პირობებით, როგორც ეს სხვა მაუწყებლების შემთხვევაში განხორციელდა, თუმცა ჩვენი მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა.

2. საგადასახადო რესტრუქტურიზაციაზე უარი

კომპანიამ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით.

მიმართვების მიზანი იყო კომპანიისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის შენარჩუნება და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებების თანდათანობით შესრულება, სხვა მედიასაშუალებებთან განხორციელებული პირობების მსგავსად.

აღნიშნულ მოთხოვნებს "თრიალეთის" მიმართ ხელისუფლება არ აკმაყოფილებს.

3. განსხვავებული მიდგომის საკითხი

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" არაერთხელ ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, რა პრაქტიკას იყენებდა სახელმწიფო სხვა მედიასაშუალებების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო დავალიანება ჰქონდათ.

განსაკუთრებით მოთხოვნილი იყო ინფორმაცია:

·       რამდენ მედიასაშუალებას ჰქონდა საგადასახადო დავალიანება;

  • რამდენ მათგანს გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება და რესტრუქტურიზაცია;

·       რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები.

მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიას არ მიეწოდა.

4. პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადება

2026 წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობენ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვთ, თუმცა მათგან სახელმწიფო დავალიანების გადახდას არ მოითხოვს.

ამავე განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გამოყენებული იქნა დავალიანების რესტრუქტურიზაციის მექანიზმი.

ამ განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ფაქტიურად დაადასტურა ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობა.

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" აღნიშნული განცხადების შემდეგ კვლავ მოითხოვა ანალოგიური სამართლებრივი მიდგომის გამოყენება, თუმცა მოთხოვნას არავინ ასუხობს.

5. საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობა

ერთი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს არაერთხელ გაეგზავნა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.

კომპანია ითხოვდა ინფორმაციას:

·       საგადასახადო შეთანხმებების შესახებ;

  • რესტრუქტურიზაციის პრაქტიკის შესახებ;

·       მედიასაშუალებების მიმართ გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

ანგარიშის მომზადების დროისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიას არ მიეწოდა.

6. სატელიტური მაუწყებლობის შეწყვეტა

2026 წლის 1 თებერვალს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" შეწყვიტა სატელიტური მაუწყებლობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეული იყო მძიმე ფინანსური მდგომარეობით, რომელიც ინკასოსა და არსებული ფინანსური შეზღუდვების პირობებში შეიქმნა.

7. ვის მივმართეთ

     ინსტიტუტი                        

შედეგი

პრემიერ-მინისტრი

არ გვიპასუხა არცერთ წერილზე

ფინანსთა მინისტრი

არ რეაგირებს ჩვენ განცხადებებზე

შემოსავლების სამსახური

საერთოდ არ ახდენს რეაგირებას

საქართვ. პარლამენტი

განხილვა არ დაწყებულა

საპარლამენტო კომიტეტები

პასუხიც კი არ მოგვცეს

საპარლამენტო ოპოზიცია

თავი აარიდეს მედიის მხარდაჭერას

სახალხო დამცველი

შეფასებას არ ახდენს 6 თვეა.

საჯარო რეესტრი

რამდენიმე თვე შეგვიზღუდა საქმიანობა

საქალაქო სასამართლო

არ განიხილავს საქმეს

სააპელაციო სასამართლო

პასუხის ვადას 2 თვით გადააცილა

კომუნიკაციების კომისია

არ ჩაერია საკითხის მოგვარებაში

პროკურატურა

რეაგირება არ არის

ევროკავშირის დელეგაცია

გვიპასუხეს, ახდენენ მონიტორინგს

ევროკომისია

მოგვწერეს მხარდამჭერი წერილი

ევრპარლამენტის წევრები

პასუხი არ მიგვიღია.

საერთაშორისო მედიის მხარდამჭერი ორგანიზაციები

დახმარება შემოგვთავაზა რამდენიმემ, თუმცა ვერ ხერხდება

საქართველოში აკრედიტებული საელჩოები

რამდენიმესთან მოხდა შეხვედრა,  რამდენიმემ მოგვწერა მხადაჭერა

საერთ. უფლებადამცველი ორგანიზაციები

რამდენიმე მხარდამჭერი წერილი მივიღეთ

8. ვინ გვიპასუხა

მივიღეთ პასუხები ევროკომისიისგან, ევროპის პარლამენტის წევრებისგან, ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან, ევროკავშირის ელჩისგან, გერმანიის ელჩისგან, იტალიის ელჩისგან, ასევე ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან.

"თრიალეთში" გვესტუმრენ, გერმანიის, ჩეხეთის, ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები. 

მათი პასუხები ადასტურებდა, რომ ისინი აკვირდებიან საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობას და "თრიალეთის" საქმეს.

9. ვინ არ გვიპასუხა

ერთი წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, ფინანსთა სამინისტროსგან, შემოსავლების სამსახურისგან, საქართველოს პროკურატურისგან, პარლამენტისგან, საპარლამენტო ოპოზიციისგან, სახალხო დამცველისგან, სასამართლოსგან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისგან, რომლებსაც კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება ევალებოდათ.

10. შედეგები

ერთი წლის განმავლობაში:

·       ინკასოს გამო მნიშვნელოვნად შეიზღუდა კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები;

  • შეწყდა სატელიტური მაუწყებლობა;
  • თანამშრომლები თვეების განმავლობაში ხელფასის გარეშე მუშაობდნენ;
  • შემცირდა თანამშრომლების რაოდენობა;

·       კომპანიის ფუნქციონირება მოსახლეობის მხარდაჭერისა და ნასესხები სახსრების მეშვეობით გაგრძელდა;

მნიშვნელოვნად გაიზარდა დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის დახურვის საფრთხე.

11. შეფასება

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" მიიჩნევს, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები აჩენს საფუძვლიან კითხვებს კანონის წინაშე თანასწორობის, მედიის თავისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოქმედებების კანონიერების შესახებ.

ანგარიშის მიზანი არ არის რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის ან თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის წინასწარი შეფასება. მისი მიზანია, წარმოადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საჭიროებს დამოუკიდებელ, ობიექტურ და სამართლებრივ შეფასებას.

12. დასკვნა

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" არ ითხოვს განსაკუთრებულ პირობებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ერთი იყო - კანონის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები და იგივე სამართლებრივი შესაძლებლობები, რომლებიც სახელმწიფომ სხვა მედიასაშუალებების მიმართაც გამოიყენა.

2026 წლის 30 ივნისს შესრულდა ერთი წელი მას შემდეგ, რაც "თრიალეთი" უწყვეტი ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზეწოლის პირობებში საქმიანობს.

ეს საქმე აღარ ეხება მხოლოდ ერთ რეგიონულ მაუწყებელს. იგი აჩენს უფრო ფართო კითხვას - რამდენად ეფექტიანად მუშაობენ საქართველოში ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც მედიის თავისუფლების, კანონის წინაშე თანასწორობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა ევალებათ.

თუ წარმოდგენილ ფაქტებს არ მოჰყვება დამოუკიდებელი, ობიექტური და დროული შეფასება, გაჩნდება საფრთხე, რომ მსგავსი პრაქტიკა მომავალშიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ.

ამიტომ "თრიალეთის" საქმე მხოლოდ ჩვენი კომპანიის პრობლემა აღარ არის. იგი წარმოადგენს გამოცდას იმისა, რამდენად შეძლებს საქართველო დაიცვას დამოუკიდებელი მედია, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ღირებულებები.

13. ჩვენი მოთხოვნები

1.     შეწყდეს "თრიალეთის" მიმართ შერჩევითი ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლა.

  1. შეჩერდეს ინკასო საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
  2. "თრიალეთს" მიეცეს იგივე საგადასახადო მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გამოყენებული იყო სხვა მედიასაშუალებების მიმართ.
  3. პარლამენტმა დაიწყოს საკითხის განხილვა.
  4. სახალხო დამცველმა გამოაქვეყნოს სამართლებრივი შეფასება.
  5. სასამართლომ საქმე განიხილოს გონივრულ ვადაში.

7.     ხელისუფლებამ უზრუნველყოს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვა.

14. მოვუწოდებთ:

·       საქართველოს სახალხო დამცველს;

  • პარლამენტს;
  • სასამართლოს;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობას;
  • საერთაშორისო პარტნიორებს;
  •  მედიის თავისუფლების ორგანიზაციებს;

შეაფასონ წარმოდგენილი ფაქტები და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

ამ ანგარიშის მიზანი არ არის მხოლოდ გასული ერთი წლის მოვლენების აღწერა. მისი მიზანია, წარმოდგენილი ფაქტები გახდეს დამოუკიდებელი შეფასებისა და ეფექტიანი რეაგირების საფუძველი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე