ევროპარლამენტარები დღეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს უყრიან კენჭს.
ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ბლოკს, უფრო სწრაფად გააუქმოს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ, ან ადამიანის უფლებებს არღვევენ.
მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობა მოკლევადიანი ვიზიტით (90-180-დღიან პერიოდში). ის საშუალებას აძლევს ევროკომისიას ხელახლა შემოიღოს სავიზო მოთხოვნები - ჯერ დროებით, შემდეგ კი პოტენციურად სამუდამოდ, უსაფრთხოებისთვის რისკების ან არალეგალური ჩამოსვლების დიდი ზრდის შემთხვევაში.
„ივნისში საბჭოსთან წინასწარ შეთანხმებული რეფორმა შეჩერების დაწყების ახალ საფუძვლებს ამატებს, კერძოდ: ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ე.წ. „ოქროს პასპორტები“), რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს; ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების დარღვევა; საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები; და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.