31 დეკემბერს ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა სატვირთო გემი „ფიტბურგი“, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკსა და ტალინს შორის სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემია და ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულია ეკიპაჟის 14 წევრი.
გემი სანქტ-პეტერბურგიდან ხაიფასკენ [ისრაელი] მიემართებოდა.
გემი ამჟამად ფინეთის ქალაქ კირკკონუმის პორტში იმყოფება. პოლიციამ უკვე დაკითხა ეკიპაჟის წევრები.
ფინური მედიის ცნობით, გამოძიება საწყის ეტაპზეა, ამიტომ პოლიცია ჯერ არ აზუსტებს, დაკავშირებულია თუ არა კაბელის დაზიანება რომელიმე სახელმწიფოსთან.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სანქციების სიებში არ არის, თუმცა მონიშნულია, როგორც „საყურადღებო გემი“, რაც არ ნიშნავს, რომ გემი ეჭვმიტანილია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში ყოფნაში, მაგრამ მიუთითებს, რომ ის საინტერესოა დასაკვირვებლად.
მედიის ცნობით, გასული წლის განმავლობაში ფინეთის ყურეში გემების მონაწილეობით რამდენიმე კაბელი გაწყდა.