დღეს, 27 მაისს, უკრაინაში, რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული ახალციხელი მებრძოლი, აგვისტოს ომის მონაწილე ბესო ლომიძე დაკრძალეს. იგი ქართული სპეცდანიშნულების რაზმ „შავ არწივში“ ირიცხებოდა.
დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვას არ დასწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. დაკრძალვაზე იმყოფებოდა მხოლოდ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა. მისი თქმით, დაღუპული მისი ნათესავი იყო.
სასაფლაოზე იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშე, გენერალ–მაიორი სერგეი კრავჩუკი. მისი თქმით, შეუფასებელია ის მსხვერპლი, რომელიც ბესო ლომიძემ გაიღო საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ.
„დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით ტრაგიკული ამბის გამო — ვემშვიდობებით ჩვენს დაღუპულ გმირს! ბესო ლომიძე 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა. ჩვენი მებრძოლები თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მისი ცხედრის მტრისგან გამოხსნას, მაგრამ ჩვენი თანამებრძოლების ძალისხმევით, შევძელით ჩვენი გმირის სახლში გადმოსვენება. დღეს ის მშობლიურ მიწაზე დაიკრძალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მისთვის, ისე მისი ოჯახისთვის." - განაცხადა სერგეი კრავჩუკმა ჯურნალისტებთან.
ცნობისთვის, ახალციხელი სამხედრო ბესო ლომიძე ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად კიდევ ერთ ქართველ მებრძოლთან, დავით გოგაძესთან ერთად 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა.