გრიგოლ გეგელიას პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ საკუთარ სახლთან თავს უცნობი პირი მაშინ დაესხა, რაც "ტვ პირველთან" ინტერვიუ დაასრულა.
გეგელიას თქმით, თავდამსხმელი ჯერ ტელეფონით უღებდა, შემდეგ ჰკითხა, იყო თუ არა ნამდვილად პოლიტიკოსი, რის შემდეგაც თავს დაესხა.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, მას უცნობმა პირმა თავის არეში რამდენიმეჯერ ჩამარტყა, ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეფურთხებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახლთან ახლა ერთი საპატრულო მანქანაა მობილიზებული. გეგელია ამბობს, პოლიციას იმ მანქანის სანომრე ნიშნები გადასცა, რითიც თავდამსხმელი ადგილიდან გაიქცა.
მე ვარ მხნედ და ვიქნები მხნედ, მანამ ამ ბოროტ, ლაჩრულ რეჟიმს არ მივუჩენ ჩემს მეგობრებთან და ქართველ ერთან ერთად საკუთარ ადგილს, რომელიც ისტორიის და პოლიტიკის სანაგვეზე ეკუთვნით. ეს არის ენით აღუწერელი ბოროტება, რაც საქართველოში ხდება. ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა. პოლიციას გადავეცი მანქანის ნომერი და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. ის უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც გააკეთა. ეს თავდასხმა არაფერი არ არის. თავის არეში რამდენჯერმე დამარტყა, მაგრამ არაფერი არ არის, არაფერი გამოუვიდა და არაფერი არ გამოუვა. ჩვენ არ ვართ კობახიძეები, ჩამალულები 25-კაციან დაცვაში, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ. ვერანაირი მუშტი ვერ შეგვაშინებს. სასაცილოდაც არ მყოფნის "ქართული ოცნება", მისი ტიტუშკები და მისი გონება არეული მომხრეები. ვუთვლი აქედან.
უკან, ეზოში ჩავეწერე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, შემდეგ წამოვედი ამ გზით, გადმოვედი კიბით, მოვუყვებოდი აღმართს. ამ დროს ხსენებული პირი დამეწია მანქანით, ნელი სვლით, მას უკვე ჰქონდა გამზადებული მობილური ტელეფონი, რომელიც იწერდა ვიდეოს. შესაბამისად, ლოგიკურად ჩანს, რომ მას უკვე ვყავდი იდენტიფიცირებული და მიზანში ამოღებული. ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. მან მკითხა, ხომ ვარ პოლიტიკოსი, კი ბატონო, გისმენ-მეთქი... ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე. ერთი ადამიანი იმყოფებოდა. წინ ერთი იჯდა, უკან დაბურული იყო. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ერთზე მეტი იყო. შემდეგ სცადა ყველაფერი, რომ ესკალაცია მომხდარიყო - სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეფურთხება. ის აპელირებდა იმაზე, რომ მიშა სააკაშვილს მომხრეებს ოჯახშიც კი ლანძღავს. რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს მისი საქმეა და ყველაზე დიდი მომხრე სააკაშვილს "ოცნებაში" უზის." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.