„ოცნების“ რეჟიმის მართვაში არსებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „რუსთავი 2“, რეჟიმის დაკვეთით, წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულად აგრძელებს ყალბ, დეზინფორმაციულ და ღირსების შემლახავ კამპანიას გიორგი გახარიას მისამართით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარია 4 წელია დაბლოკილი ჰყავთ ამავე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში. „რუსთავი 2“ წლების განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ბლოკავს ჩვენი პარტიის სხვა წევრებსაც, არ აშუქებს პარტიის საქმიანობას, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ, ის სისტემატურად და თითქმის ყოველდღიურად იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და აშუქებს მათ აქტივობებს. ეს იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რასაც ამ ტელეკომპანიაში კარგად იცნობენ, რადგან ამ არხის დღევანდელ მენეჯმენტში მყოფი ადამიანების და ჟურნალისტების ნაწილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელისუფლებო რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღეს საკუთარი წარსულის დამალვას ცდილობენ მოქმედი რეჟიმის აგრესიული მსახურებით, რისი შეხსენებაც ხშირად ისტერიას იწვევს. ტელეკომპანია „იმედისა“ და POS TV-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად ატარებენ პრო-სამთავრობო პროპაგანდულ სარედაქციო პოლიტიკას, „რუსთავი2“ გუშინდლამდე ცდილობდა მოქალაქეების თვალში თავი ობიექტურ მედიასაშუალებად გაესაღებინა. გუშინ „რუსთავი 2“-მა, რეჟიმის შეკვეთით, ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ ღიად ბლოკავს პარტია „საქართველოსთვის“ ეთერში გამოჩენას, რაც ამ ტელეკომპანიას არ გაუკეთებია არცერთი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის - მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მიმართ. აღნიშნული ნათლად აჩვენებს რეჟიმის პროპაგანდის ინტერესებს, რომლისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის ღია ეთერებში გამოჩენა მათთვის პოლიტიკური საფრთხეების მატარებელია. ეთერის დაბლოკვის მიზეზად დასახელებულია კომიკური განმარტება, რომელიც ყველა სერიოზული ტელეკომპანიის იმიჯს დააზიანებდა, თუმცა რეჟიმმა „რუსთავი 2“ საბოლოოდ TV „იმედისა“ და POS TV-ს კლუბში გააფორმა. „რუსთავი 2“-ის ეს პოლიტიკა ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს და უარყოფს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები“,-აღნიშნულია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსთავი 2"-ის გენერალურმა, დირექტორმა, ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ. მისი თქმით, ვიდრე ანა ბუჩუკური საჯარო ბოდიშს არ მოიხდის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ინფორმაციისთვის, ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძეზე დაწერა, რომ ის „ჯერ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსახური იყო, დღეს კი ივანიშვილის მსახურია“.