„გარდიანი“ - ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო აშშ-ში რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან დაითხოვეს

„გარდიანი“ - ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო აშშ-ში რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან დაითხოვეს

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 80

აშშ-ში კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან დაითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან მასწავლებლები, მეხანძრეები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ასევე საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი.

სამსახურიდან დათხოვნა მოხდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზომებს მიიღებენ იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „ადიდებენ, ამართლებენ ან ზერელედ უყურებენ“ ჩარლი კირკის მკვლელობას.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა დაავალა თავის პერსონალს, გამოავლინონ ის სამხედროები ან პენტაგონს თანამშრომლები, რომლებიც დასცინიან ან ამართლებენ ჩარლი კირკის მკვლელობას. NBC News-ს ცნობით, უფლებამოსილება შეუჩერდა შეიარაღებული ძალების რამდენიმე თანამშრომელს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო.

ფლორიდაში შტატის განათლების საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც სკოლების თანამშრომლები გააფრთხილა, არ გამოაქვეყნონ პირადი შეხედულებები, რომლებმაც შესაძლოა, შელახონ მოსწავლეებისა და მათი ოჯახების მხრიდან ნდობა. კლეის ოლქში კი ორ პედაგოგს უფლებამოსილება შეუჩერდა და მათ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო.

სამსახურიდან ასევე გაათავისუფლეს ტელეკომპანია MSNBC-ის პოლიტიკური მიმომხილველი მეთიუ დაუდი, რომელმაც ეთერში გამოთქვა მოსაზრება, რომ კირკის რადიკალურმა რიტორიკამ შესაძლოა ხელი შეუწყო ძალადობას, რომელმაც ის იმსხვერპლა.

„სიძულვილის აზრები იწვევს სიძულვილის სიტყვებს, რომლებიც შემდეგ სიძულვილის ქმედებებს იწვევს“, – აღნიშნა დაუდმა.

ტელეკომპანიამ და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბოდიში მოიხადეს. ამასთან, მოგვიანებით დაუდმა განაცხადა, რომ ის „მემარჯვენე მედიის დაჯგუფების“ მსხვერპლი გახდა და მისი სიტყვები არასწორად იყო აღქმული, რადგან საუბრისას არ იცოდა, რომ ჩარლი კირკზე თავდასხმა განხორციელდა.

სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის ასევე არიან საიდუმლო სამსახურის აგენტი, რომელმაც თქვა, რომ კირკი „სიძულვილს და რასიზმს ანთხევდა თავის შოუში“ და რომ „კარმას ვერ მოატყუებ“; ამერიკული ფეხბურთის გუნდის Carolina Panthers-ის კომუნიკაციების კოორდინატორმა „ინსტაგრამზე“ დაწერა: „რატომ ხართ სევდიანები? თქვენმა კაცმა თქვა, რომ ეს ამად ღირს“, რითაც მიანიშნა ჩარლი კირის პოზიციაზე იარაღის ფლობის უფლებასთან დაკავშირებით. ასევე სამსახური დაკარგა რეპორტიორმა, რომელიც კალათბურთის გუნდის Phoenix Suns-ს აშუქებდა.

ცნობისთვის, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.

კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო, მის პოდკასტს მილიონობით გამომწერი ჰყავს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე