გედევან ფოფხაძე - ჩვენ შექმნილ ვითარებას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ერთიანი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ - პროტესტის ნიშნად ვშიმშილობთ და არა იმის გამო, რომ ვიღაცას აზრი შევაცვლევინოთ ან სხვანაირად იმოქმედოს

გედევან ფოფხაძე - ჩვენ შექმნილ ვითარებას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ერთიანი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ - პროტესტის ნიშნად ვშიმშილობთ და არა იმის გამო, რომ ვიღაცას აზრი შევაცვლევინოთ ან სხვანაირად იმოქმედოს

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 153

ძირითადი არის ის, რომ ჩვენ პროტესტის ნიშნად ვშიმშილობთ და არა იმის გამო, რომ ვიღაცას აზრი შევაცვლევინოთ ან სხვანაირად იმოქმედოს, - ამის შესახებ განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ, რომელიც შიმშილობს და გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, ის და ელენე ხოშტარია შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამას ერთიანი ძალით უნდა დაუპირისპირდნენ.

„ქვეყანაში ძალიან დიდი ბოროტება ხდება. ხელისუფლებამ პირდაპირ მოკიდა ხელი [ქვეყანას] და მიაქანებს რუსეთისკენ და აქ პუტინისტურ რეჟიმს ქმნის. ამ ვითარებაში, როცა ამდენი პოლიტპატიმარია, სასამართლოში საშინელება ხდება, სახელმწიფო ინსტიტუტებს ლეგიტიმაცია აღარ აქვს - ამ დროს ჩვენ შექმნილ ვითარებას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ამას ერთიანი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის მთავარი კონტექსტი და არა ის, თვითმმართველობაზე ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს, შეწყვეტენ თუ არა შიმშილობას, ფოფხაძემ განმარტა, რომ „ერთიანი ოპოზიციური ფრონტი გაცილებით უფრო დიდი არგუმენტია რეჟიმისთვის, ვიდრე მოშიმშილეების მიმართ ემპათია“.

„ამათ არანაირი ემპათია არ გააჩნიათ. მე რომ რაიმე მომივიდეს და სიტყვაზე, გარდავიცვალო, ესენი გარდაცვალების ცნობასაც არ გამოაქვეყნებენ, როგორც ყოფილ დეპუტატზე. მაგათ ხელისუფლებაში ყოფნა და სკამების ქონა გაცილებით უფრო დიდ სიკეთედ მიაჩნიათ, ვიდრე ელემენტარული თანაგრძნობა. როცა შენი ყოფილი ორი კოლეგა შიმშილობს და ჯანდაცვის კომიტეტს აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს და გკითხოს, რა გინდაო და ამ კომუნიკაციასაც არ ამყარებს, გერმანიის ელჩს დასცინი და აქილიკებ იმის გამო, რომ მოვიდა, ე.ი. შენ გასული ხარ მორალური სტანდარტიდან. ამიტომ ერთიანი ძალა უფრო დიდი არგუმენტია, ვიდრე შიმშილობა. თუ აქ ერთიანი ძალა იქნება, რომელიც იტყვის, რომ „მოდით უკომპრომისოდ ვიბრძოლოთ ყოველგვარი თანამშრომლობისა და ლეგიტიმაციის გარეშე“ მე შიმშილს მათთან ერთად ყოფნა მირჩევნია. თუ მე ვხედავ გაერთიანებულ რუსთაველის გამზირს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ქართულ საზოგადოებასთან ერთად - შიმშილობა არ არის გამოსავალი. რატომ უნდა შეეწიროს ელენე ხოშტარია იმას, რომ ამ რეჟიმს ემპათიის განცდა არ აქვს?“, - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე