გერმანელი ოფიციალური პირები პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვასა და საგანგებო სამსახურების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გერმანიაში აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის მასშტაბით ახალი წლის ღამით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათობით სამოქალაქო პირი და პოლიციელი კი დაშავდა.
ოფიციალური პირები განსაკუთრებით აღნიშნავენ პიროტექნიკის იმ სახეობის გამოყენების აკრძალვას, რომელიც ლეგალურად მხოლოდ პროფესიონალური ფოიერვერკებისთვის არის დაშვებული. ე.წ. ბომბების იმპორტი გერმანიაში ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან – პოლონეთიდან და ჩეხეთიდან ხდება და ქვეყანაში კერძო პირების მიერ მათი გამოყენება აკრძალულია.
პოლიტიკოსები წელს უკანონო პიროტექნიკის გამოყენების შესაზღუდად სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრის, ბურკარდ დრეგერის თქმით, ე.წ ბომბების გამოყენება წელს დაზიანების მთავარი მიზეზი გახდა.
„აკრძალული პიროტექნიკის იმპორტი აღმოსავლეთით მდებარე მეზობელი ქვეყნებიდან უნდა შეჩერდეს საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით“, – განუცხადა დრეგერმა გერმანულ მედიას.
ფოეიერვერკების გამო ფატალური შემთხვევები, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვის შესახებ მოწოდებები გერმანიაში სიახლე არ არის. ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება დაშვებულია ახალი წლის ღამით, გარკვეული დროის განმავლობაში. პიროტექნიკის ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ფატალური შემთხვევებისა და ტრავმების უმეტესობა უკანონო ან ხელნაკეთი პიროტექნიკის გამოყენების შედეგია და არ უკავშირდება იმ პიროტექნიკას, რომელიც კანონიერად იყიდება მაღაზიებში.
პიროტექნიკა ასევე გამოყენებული იყო გერმანიაში საგანგებო სამსახურების თანამშრომლების წინააღმდეგ ახალი წლის ღამეს. ბერლინში 400 ადამიანი დააკავეს დაპირისპირებისა და თავდასხმებისას, რის შედეგადაც 30 პოლიციელი დაშავდა. ამასთან, საგანგებო სამსახურები პიროტექნიკით თავდასხმის შესახებ იტყობინებოდნენ ჰამბურგში, ლაიფციგში, კილსა და კიოლნში.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა გამოცემა „ბილდთან“ განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის უფრო მკაცრი სასჯელი უნდა დაწესდეს.
მინისტრის თქმით, თებერვალში დაგეგმილ არჩევნებამდე საჭიროა კანონპროექტის დამტკიცება, რომელიც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, რომლებიც პოლიციის ოფიცრებს, პარამედიკოსებს ან ექიმებს „საშიშ ჩასაფრებებში“ იტყუებს. ამის პარალელურად, 270 ათასზე მეტმა მოქალაქემ ხელი მოაწერა ონლაინპეტიციას კერძო პიროტექნიკის მთლიანად აკრძალვის მოთხოვნით.
სამ იანვარს, მეხანძრეებთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საჭიროა ახალი რეგულაციები.
„ჩვენ უნდა აგვქონდეს მკაფიო წესები, თუ რა სახის პიროტექნიკის გამოყენებაა შესაძლებელი და მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ მათ წინააღმდეგ, ვინც კანონს არ ასრულებს. ეს არის სწორი გზა“, – თქვა კანცლერმა.