საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთს არ აქვს სურვილი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად ჩაერთოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„რუსეთის პრეზიდენტს მრავალი მოწოდება და შესაძლებლობა ჰქონდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო და მან ამაზე უარი თქვა. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაფრთხილებდით, რომ ასეთი საქციელი შედეგების გარეშე არ ჩაივლიდა“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობა ყოველთვის მკაფიოდ აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას რუსი აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში.
„გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის დროს დააყენებს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მისი მტკიცებით, ბერლინი გააგრძელებს კიევისთვის ისეთი სამხედრო დახმარების გაწევას, რაც მას საშუალებას მისცემს დაიცვას თავი და რუსი აგრესორების მიერ ომის წარმატებით გაგრძელების თავიდან აცილება შეძლოს.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით.