მე არ ვთვლი, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება პრინციპულ მოსაზრებებზეა დაფუძნებული, რომელიც არჩევნებს, ადამიანის უფლებების დაცვას ან სხვა ნებისმიერ საკითხს ეხება - ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად არის განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ჩამოყალიბდა ხელისუფლების შესაცვლელად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს“.
„მე არ ვთვლი, რომ ლიეტუვას გადაწყვეტილება დაფუძნებულია პრინციპულ მოსაზრებებზე, რომელიც არჩევნებს ადამიანის უფლებების დაცვას ან სხვა ნებისმიერ საკითხს ეხება, რაც დეკლარირებულია, ვინაიდან ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა მაშინ არ გახსენებიათ, როცა ადამიანებს წამებით კლავდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად არის განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ჩამოყალიბდა ხელისუფლების შესაცვლელად. მათი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლაც და ახალგაზრდებისადმი სისხლის ღვრისკენ მოწოდებაც სწორედ ამით იყო განპირობებული. რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური კონიუქტურა. ერთი მხრივ, გასაგებია, თუმცა მეორე მხრივ, მისი უსამართლობა და მისი ბნელი, კონსპირაციული მხარეც უნდა აღინიშნოს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ლიეტუვამ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა.
როგორც სააგენტო Delfi იუწყება, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო.
ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს აცნობოს.