„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი, რომლის ადრესატია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არის „ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო“. როგორც ბარამიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, წერილში მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან „დიფ სთეითზე“ საუბარი „კიდევ ერთი მაგალითი და დასტურია, რამდენად არაკომპეტენტური და ყალბი არის ეს რეჟიმი“.
„მინდა გამოვეხმაურო ძალიან სამარცხვინო, საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო ამბავს, რაც ყველამ ვიხილეთ, ე.წ. პრეზიდენტის ყაველაშვილის პრეზიდენტ ტრამპის მიმართ წერილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არაკომპეტენტური, უსუსური, რეალობისგან დაცლილი და მოწყვეტილი არის ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმი, რომელიც ძალიან მდაბიო ფორმით, დიპლომატიური ეტიკეტის და ენის საერთოდ არ ცოდნით მიმართავს მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს პრეზიდენტს და ეხვეწება, ყურადღება მოგვაქციეთო. მინდა, რაც მათ არ იციან, ვუთხრა ამ გაუნათლებელ, არაკომპეტენტურ და მოღალატურ ძალას- პოზიტიურად ყურადღებას აქცევენ იმ სახელმწიფოებს, რომელშიც მიდის ქვეყნის სასიკეთო პროცესი და რომელსაც აქვს ფასეულობა მსოფლიო ცივილიზებული სახელმწიფოებისთვის. ნეგატიურად კი აქცევენ ყურადღებას „ჰამასს“ და ირანს, რასაც ეს მოღალატური რეჟიმი უახლოვდება. ამ წერილში საუბარი „დიფ სთეითზე“ კიდევ ერთი მაგალითი და დასტურია, რამდენად არაკომპეტენტური და ყალბი არის ეს რეჟიმი. პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრებიან, რომ თურმე ამერიკას მართავს „დიფ სთეითი“ და მისი კარნახით მიმდინარეობს აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. მართლა სამარცხვინო წერილია და ძალიან სამწუხარო. მთელ მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროში ყველამ კარგად იცის, რა დონის რეჟიმია ჩვენს ქვეყანაში, რომ მართლა კადიროვის განათლების იქით ვერ წავიდნენ. ისიც კარგად გვესმის, რომ ამ წერილის მიზანი არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესება არის, არამედ ყალბი პროპაგანდის გაგრძელება“, - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ ადარდებს.
„ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება, რომ საქართველო რეალურ მეგობრებს დაშორდეს. იმ მეგობრებს, რომელზეც დგას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს რეგიონების არაღიარების პოლიტიკა. მათ საქართველოს ბედი და ქვეყნის მომავალი საერთოდ არ აინტერესებთ, ეს ყველაფერში ჩანს. მათი 13 წლიანი ბატონობის განმავლობაში საქართველო პრაქტიკულად დაიცალა, მილიონზე მეტი ადამიანი სიდუხჭირისგან გაიქცა ჩვენი ქვეყნიდან და ეს სამწუხარო პროცესი გრძელდება“,-განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ყაველაშვილის თქმით, პირადად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.