ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 10:00 საათისთვის, სამივე ოლქში დაახლოებით 6500-ზე მეტი ამომრჩეველია გამოცხადებული.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
" კენჭისყრა 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანზე დაიწყო. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ყოველგვარი ექსცესების და მცირედი შეფერხების გარეშე. დიდი იმედი მაქვს, ასე ჩაივლის სამივე ოლქში, ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში მიიღოს მონაწილეობა.
10:00 საათისთვის, სამივე ოლქში დაახლოებით 6500-ზე მეტი ამომრჩეველია გამოცხადებული. ჩვენ საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვას ვატარებთ, რომელიც უკავშირდება კმაყოფილების დადგენას ამომრჩევლების აპარატის მიმღებლობასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე, გამოკითხული ამომრჩევლებიდან, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია აპარატის მიმართ სანდოობის და კმაყოფილებასთან დაკავშირებით.
დიდი იმედი მაქვს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადება, ამომრჩეველთა ინფორმირება მნიშვნელოვნად დადებითად აისახება ამ პროცესზე. ეს ყველას მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნები, მსგავსად წინა არჩევნებისა, მაღალ, პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩავატაროთ.
შეგახსენებთ, 2024 წლისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლების 90% სერვისს ტექნოლოგიების მეშვეობით მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციული უბნების ნაწილში, მოდერნიზების მთელი რიგი ელემენტები გვაქვს გათვალისწინებული, მათ შორის ბიულეტენების გაციფრულება და საჯარო ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. პროცესში, დიდი რაოდენობით არის საჯაროობისა და გამჭვირვალობის კომპონენტი. სადაც ტექნოლოგიები იქნება, ყველა საარჩევნო უბნის შედეგი გადათვლილი იქნება. აღსანიშნავია, რომ არც ვერიფიკაციის და არც ხმების მოთავსების და დათვლის აპარატის ნაწილში არ იქნება გამოყენებული ინტერნეტის კომპონენტი.
რისკები დაზღვეულია, უზრუნველყოფილია შესაბამისი პრევენციული გეგმები. მოვუწოდებ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას კენჭისყრის მაღალ დონეზე ადმინისტრირებას. მათ მიეცემათ ყველა საარჩევნო უბანზე თავისუფლად გადაადგილდნენ, ყველა საარჩევნო უბანზე“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.