პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა და თბილისის მერს, კახა კალაძეს არც მორალური და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია. როგორც გიორგი შარაშიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ვაკის პარკის ტრაგედია კალაძისა და „ოცნების“ რეჟიმის მიერ დანერგილი სისტემური პოლიტიკური კორუფციის პირდაპირი შედეგია, რასაც სამწუხაროდ, სხვა ტრაგედიებიც მოჰყვა.
„დღეს, ვაკის პარკის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. სამწუხაროდ, ამ უმძიმეს ტრაგედიაზე თბილისის მერს არც მორალური და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კალაძე სასამართლოს დღემდე არც კი დაუკითხავს! ვაკის პარკის ტრაგედია კალაძისა და „ოცნების“ რეჟიმის მიერ დანერგილი სისტემური პოლიტიკური კორუფციის პირდაპირი შედეგია, რასაც სამწუხაროდ, სხვა ტრაგედიებიც მოჰყვა - წყნეთის ფანჩატურში, რიყის პარკსა და სადგურის მოედანზე. ვაკის პარკის შადრევნის ტრაგიკულმა მოვლენამ გამოააშკარავა, რომ სისტემური კორუფცია არა მხოლოდ უმძიმესი ეკონომიკური დანაშაულია, არამედ შესაძლოა გადაიზარდოს სისხლის სამართლებრივ დანაშაულშიც და გამოიწვიოს ადამიანური ტრაგედიები. ყველამ იცოდეს, რომ არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - „თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე” - ოღონდ უკვე არა ჩინჩალაძე/მურუსიძის, არამედ რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე!“ - წერს გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში.