ანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მას ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი არ აქვს დაცული.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას ყველა რეზიუმეში მითითებული აქვს, რომ არის კანდიდატი და არა დოქტორის ხარისხის მფლობელი.
ამასთან, ის იმასაც ამბობს, რომ მისი განათლების მინისტრად წარდგენისას, პრემიერ-მინისტრს მისი განათლების შესახებ ტყუილი არ უთქვამს.
„ძალიან სასაცილოები ხართ, მართლა ძალიან სასაცილოები ხართ, იმდენად უსუსურები ხართ. რა დიპლომზეა საუბარი? დოქტორანტი კანდიდატი... ეს თქვენ შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ CV-ში ამოიკითხოთ. ძალიან სასაცილოები ხართ. როგორი უსუსურები ხართ იცით? ირაკლი კობახიძეს არაფერი არ მოუტყუებია. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტიაო. იცით როგორი უსუსურები ხართ? მართლა სასაცილოები ხართ!“, - განაცხადა მიქანაძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას დოქტორის ხარისხი დაცული, უპასუხა, რომ „არ აქვს“.
„ვაპირებ თუ არა სწავლის გაგრძელებას? როგორ ფიქრობთ მცალია? ძალიან დაკავებული ვარ. თქვენნაირი მოცლილი ასეთ უაზრობაზე... ძალიან უხერხულია... თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ჩემს ბიოგრაფიულ რეზიუმეს, სადაც წერია, რომ მე მაქვს ხარისხი დაცული. ირაკლი კობახიძეს არ მოუტყუებია. იქ წერია კანდიდატი, და კანდიდატი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც, ასე ვთქვათ, დაცული. ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი. თქვენ თუ ჩემს განათლებაში შეგაქვთ ეჭვი, ეს თქვენი საკითხია. იმაზე რატომ არ მეკითხებით ესექსის უნივერსიტეტში რომ მაქვს დაცული სამაგისტრო ხარისხი? საერთოდ არაფერზე ქმნით რაღაცას. საკუთარ თავს ჰკითხეთ, რაზე გიწევთ თქვენი პატარა აუდიტორიის კვება?!“- განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრად გივი მიქანაძის წარდგენისას აღნიშნა, რომ მას „სადოქტორო დისერტაცია აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში“. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გივი მიქანაძეს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი არ აქვს დაცული. რაც შეეხება მის ბიოგრაფიულ მონაცემებს, განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებში, ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში მისი სწავლის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება. მხოლოდ აღნიშნულია, რომ ის 2013 წელს ის ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის (ნიდერლანდები) მკვლევარი იყო.