გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლევან დარბაიძე განმარტავს, რატომ აიცილა პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა.
„საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ -ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესავური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს“, - განაცხადა ლევან დარბაიძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.