გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობაც“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც სწორს ვამბობდით, როდესაც ვსაუბრობდით, რომ კოლექტიური ივანიშვილი და მისი ბანდა იყვნენ კორუმპირებულები, ჩართულები სხვადასხვა დანაშაულში, უბრალოდ, როცა კლანურ ბრძოლას დასჭირდა, მაშინ გამოჩნდა ზედაპირზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა გენერალური პროკურატურის ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები ჩატარდა.
ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართლი ოცნების“ ყველა წევრი მომავალში იმავე ბედს გაიზიარებს.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობაც“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც სწორს ვამბობდით, როდესაც ვსაუბრობდით კოლექტიური ივანიშვილი და მისი ბანდა იყო კორუმპირებული, ჩართული სხვადასხვა დანაშაულში, უბრალოდ როცა კლანურ ბრძოლას დასჭირდა, მაშინ გამოჩნდა ზედაპირზე ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ღიად ვსაუბრობდით და მათ შორის, მივმართავდით შესაბამის ინსტიტუციებს. უბრალოდ, ეს გახლავთ გამოხატულება იმ შიდა კლანური დაპირისპირების, რომელიც ავტორიტარიზმის ამ ეტაპზე მოხდა ბანდის შიგნით. ეს არის მათთვის სამწუხაროდაც - ასეთია ყველა „ქოცის“ ბედი, იმიტომ, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმია, როგორიც კომუნისტების ეპოქაში, როდესაც ერთი კლანი იმარჯვებდა, მეორე კლანი აბსოლუტურად იძირებოდა და იმარხებოდა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები განხორციელდა.
გვარაკიძის თქმითვე, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.