საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის დასაფასებელია ის ფაქტი, რომ გუშინ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.
„მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს. მე მადლიერი ვარ, რომ თქვენ ჩამოხვედით თბილისში და მიიღეთ მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიან მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვართ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, ყველას, მოწვეულ სტუმრებს და ვისურვებდი, რომ მალე ერთად გავხსნათ თეატრის ახალი შენობა“, - განაცხადა პრემიერმა.