ჩვენ აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სთან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით, ისეთი გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგი.
„ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვგულისხმობ ამერიკულ ადმინისტრაციას, შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც, ბუნებრივია, ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას.
ჩვენ აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და ჩვენ გვინდა საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით, ისეთი გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ, როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ, დღეს, არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები, გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდა აქტიურად საუბრების დაწყება ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მათ ასევე სჭირდებათ შეთანხმება ღირებულებებზე.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს, პირველ რიგში, ღირებულებებზე დაფუძნებული. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაცია არ დაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც თვისებრივად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს და ვფიქრობთ, რომ აქაც არის სერიოზული თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მთლიანობაში, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან კარგად ჩვენი მოსახლეობისთვის. ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, შესასრულებელი გვაქვს სამთავრობო ოთხწლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გავეცით. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. გვინდა, რომ 40 მილიარდით გავზარდო ჩვენი ეკონომიკა. გვინდა, რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4%-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ა.შ. ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი“, - განაცხადა კობახიძემ.