ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვეტო დაძლეული იქნება.
„სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება. თუმცა, ეს ვეტო, კიდევ ერთხელ, ვერ შეუქმნის, რა თქმა უნდა, პრობლემას პროცესების სტაბილურად განვითარებას. რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ცესკო-მ შეძლოს ეფექტიანად არჩევნების ჩატარება. ამის საპირისპირო მიზანი აქვს ზუსტად სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო - ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტშია.
სალომე ზურაბიშვილის "მოტივირებული შენიშვნები" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა, ხოლო მის სესიაზე გატანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, რისთვისაც მას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც საჭიროა კანონპროექტის მიღებად (76 ხმა).