სამწუხაროდ, არა მარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ სასჯელიც კი, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსაზღვრული აქვს, ამ ტიპის პროცესებში. ჩვენ უბრალოდ იძულებულები ვართ, ამ ფარსში მონაწილეობა მივიღოთ,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ნადირაძის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში ხელშესახები არაფერი არ დევს, გარდა პოლიტიკური განცხადებებისა.
„ნორმალურ, სამართლებრივ სახელმწიფოში, იქ, სადაც ხელისუფლება ხალხის მიერ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეულია, არც მსგავსი საპროტესტო აქციები გვექნებოდა და არც მსგავსი ე.წ. სისხლის სამართლის პროცესები, სადაც უკანონოდ, ხელისუფლებას დაპატრონებული რეჟიმი ადამიანებს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ შეცვლასა და კანონიერი ხელისუფლების დამხობას აბრალებს. ოქსიმორონია, რომელსაც სამართალთან არაფერი საერთო არ აქვს. მაგრამ, რადგანაც ვიმყოფებით ამ რეალობაში, როდესაც მსგავსი ე.წ. პროცესები იმართება, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირდაპირი დაკვეთები სრულდება სამართალდამცავი სისტემისგან, სასამართლოებისგან და პროკურატურისგან, ასეთ პირობებში, არანაირი მოლოდინი, რომ დაცვის მხარის დასაბუთებულ შუამდგომლობებს, პირველ რიგში საქმის შეწყვეტის შესახებ, შემდეგ რა თქმა უნდა, აღკვეთის ღონისძიების არა ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ, დააკმაყოფილებს, ამის მოლოდინი არ გვაქვს.
სამწუხაროდ, არა მარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ სასჯელიც კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსაზღვრული აქვს, ამ ტიპის პროცესებში. ჩვენ უბრალოდ იძულებულები ვართ, ამ ფარსში მონაწილეობა მივიღოთ. საქმის მასალებში არაფერი ხელშესახები არ დევს, გარდა პოლიტიკური განცხადებებისა. ამის მიღმა საქმეში დევს, რომ დაზიანდა პრეზიდენტის ღობე და ბოძკინტები, 5 ცალი. მაგრამ, საქმეში დევს რაიმე თუ არა, ამ სასამართლოსთვის საბოლოო შედეგზე გავლენას არ ახდენს, ვნახეთ მზია ამაღლობელისა და სხვა სინდისის პატიმრების საქმე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ იყო, მაგრამ განაჩენი დადგა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე 5 პირს, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.