ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. ვფიქრობ, ასეთ სიგიჟეს არ გააკეთებენ. ეს ნამდვილად სიგიჟეა და მთელ რეგიონს საშინელ კატასტროფად გადააქცევს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეგვიპტემ და იორდანიამ ღაზიდან უფრო მეტი პალესტინელი უნდა მიიღონ.
„ჩემი შეთავაზება სხვა რამეა. პალესტინელების ნაცვლად, ისრაელელების გაძევება სცადეთ, ისინი გრენლანდიაში წაიყვანეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.