იზრდება იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელთა შეთავსებით განხორციელების და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა საჯარო მოსამსახურეებს ექნებათ.
პარლამენტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ წარდგენილ პროექტს იხილავს, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს და აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში ჩართულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ, ექსპერტული საქმიანობა შეთავსებით განახორციელონ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ.
ამასთან, პარლამენტის მიერ გასულ წელს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საჯარო მოსამსახურეებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ნებართვა დასჭირდებათ, რაც ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით წერილობითი თანხმობის საფუძველზე უნდა გაიცეს.
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საჯარო მოსამსახურეები შეთავსებით შემდეგი საქმიანობის განხორციელებას შეძლებენ: - საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრის საქმიანობა, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრის საქმიანობა, სააპელაციო საბჭოს წევრის საქმიანობა, ადრეული აღზრდისა და განათლების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტის საქმიანობა, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამის ექსპერტის საქმიანობა, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების ექსპერტის საქმიანობა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავს გამონაკლისის სახით შეთავსებითი საქმიანობის დაშვებას, რათა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში შესაბამისი ექსპერტების, ასევე საბჭოებისა და სააპელაციო საბჭოს წევრების ჩართვა შეძლოს.