რუსეთი არ შეიძლება ელოდოს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიას, რომელიც ჯერ არც კი დაუპყრია, სწორედ ამას გვთავაზობდა ის თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი მოითხოვდა ზედმეტად ბევრს, იმიტომ, რომ რუსული აღქმა არის ის, რომ ისინი იმარჯვებენ ამ ომში. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ ზავის მიღწევა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის არ იყო მარტივი. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ჩვენ არ გვსურს უკრაინის მარცხი. ჩვენ, ცხადია, გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, მაგრამ რუსეთი არ შეიძლება ელოდოს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიას, რომელიც ჯერ არც კი დაუპყრია. სწორედ ამას გვთავაზობდა ის თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში“, – განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, პროგრესია ის ფაქტი, რომ რუსეთი და უკრაინა მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და კონკრეტული სამშვიდობო გეგმების შეთავაზებით გამოდიან.
ამასთან, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებიდან გავა, თუ მიხვდება, რომ რუსები მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ და გულწრფელად არ იქცევიან.
„და თუ ეს მოხდება, დიახ, ჩვენ გამოვალთ. პრეზიდენტი იტყვის: ჩვენ გამოვდივართ ამ პროცესიდან. ეს, არსებითად, ნიშნავს, რომ რუსეთს და უკრაინას მოუწევთ ამ საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება - შეერთებული შტატების რჩევისა და შუამავლობის გარეშე და მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია - არც ჩვენთვის, არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის“, - აღნიშნა ვენსმა.