არ მგონია, რომ აქ რამე პოლიტიკური ინტერესი ან დავალება იყოს... ხელოვნურობის განცდა მე არ მიჩნდება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სუს-ის მიერ მისი ყოფილი უწყების თანამშრომლებისა და ნათესავის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ტვ პირველთან“ ინტერვიუში ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მიმდინარე ამბებზე ესაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვევა და ჩემი თანამშრომლების ბრალეულობა ამ საკითხში არ იქნება. სასამართლოდან გამომდინარე გავიგე და ინფორმაცია მაქვს. ბუნებრივია, ჩემი ოჯახის წევრები სასამართლოს ესწრებოდნენ, აქ მხოლოდ და მხოლოდ თუ გაყალბებას აქვს ადგილი, ეს შეიძლება კერძო კომპანიის ინტერესში შედიოდეს, მე თეორიულად ვერ ვუშვებ, რატომ შეიძლება შედიოდეს უწყების ინტერესში, რომ კერძო კომპანიას საბუთები გაეყალბებინა. რაც შეეხება ჩემს ნათესავს, როგორც ვიცი, ხელშეწყობა აქვს გაყალბების, ამ შემთხვევაშიც ვერ წარმომიდგენია რატომ შეიძლება ჩემი ნათესავის ინტერესში შედიოდეს, რომ ხელი შეეწყო საბუთების გაყალბებაში. თუმცა, თუ მან ასეთ რამეში მიიღო მონაწილეობა, ბუნებრივია, უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვას, იმყოფებოდა თუ არა ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე, ბურჭულაძემ ასე უპასუხა:
„ზოგადად გამოძიების პროცესი ისედაც „გრიფიანი“ საქმეა, თან გაუთქმელობაა, შესაბამისად, ამით შემოვიფარგლები“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყებას მის კვალზე უნდა გასვლა, ან სამიზნე სწორედ ის არის, ყოფილმა მინისტრმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„არ მგონია, რომ აქ რამე პოლიტიკური ინტერესი იყოს ან დავალება... არ მიჩნდება ასეთი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელოვნურობის განცდა მე არ მიჩნდება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე აზრით, მიმდინარე ამბები, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას არ უკავშირდება.
„არ მგონია, ეს ახლა ან მე მეხებოდეს, ან ყოფილ პრემიერს რამენაირად“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, შეხვდა თუ არა ის ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „ბოლოს შეხვდა“.
„ერთხელ მქონდა კონსულტაცია, ბოლოს შევხვდი კი... არაფერი, ამ თემასთან დაკავშირებით აინტერესებდა, რა ინფორმაცია მქონდა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.