ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ის დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, კატეგორიულად მიუღებელია - ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ განუცხადა.
კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარს თავად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განმარტავს.
„დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებას. თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. ეს დამოკიდებულება, რომ ურთიერთობები უნდა აღდგეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორული.
დასანქცირებულია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე თანამდებობის პირი, დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი, თან რის გამო?! რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის მივეცით შესაძლებლობა, რომ იმავე პროცესები წარმართულიყო საქართველოში, რაც უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არავის ვერჩით და არავის ვებრძვით. ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს.გუშინ ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ. ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ დაიწყოს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან და მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა კალაძემ.