ირმა დიასამიძე სამართლებრივად პრაქტიკულად გატაცებულია , - ამის შესახებ მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის მონაწილის, ირმა დიასამიძის ადვოკატმა განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის დააკავეს.
ადვოკატის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ადვოკატებს არ ეუბნებიან, სად ჰყავთ ირმა დიასამიძე და უცნობია ამჟამად მისი იურიდიული სტატუსიც.
„მისთვის არც დარეკვის საშუალება მიუციათ და არც ოჯახის წევრებისთვის შეუტყობინებიათ. ამასთან, ადვოკატებიც ვრეკავთ ყველგან, სადაც შეგვიძლია და არ გვეუბნებიან, სად ჰყავთ. გამოცდილებიდან გამომდინარე ცხადია გვეშინია, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდება და ცხადია ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა, როცა ადვოკატს არ აძლევენ ინფორმაციას სად იმყოფება და მისი იურიდიული სტატუსი რა არის.
რას ედავებიან, ეგ ჩვენ ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების განცხადებით. ამ დრომდე ვცდილობ კონტაქტის დამყარებას ყველა შესაბამის უწყებასთან“, - განაცხადა ადვოკატმა.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.
გამოძიების თანახმად, დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.