„კატასტროფაა რაც ამ ქვეყანაში ხდება პურის ფასებთან მიმართებით; 35 წელია პურის 5-10 თეთრით გაძვირება ქვეყნის რყევებს იწვევს, რადგან მოსახლეობა არის ღარიბი”, - ამის შესახებ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი და შპს „ემსიბი ჯორჯიას“ დირექტორი ალექსანდრე რატიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.
ცნობისთვის, მარტიდან მასობრივი წარმოების პური 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. პურის მწარმოებლების ნაწილი ფასების მატებას უკავშირებს ფქვილის საიმპორტო გადასახადს, რომელიც მარტიდან 50 ლარით გაძვირდა და ტონაზე 300 ლარი შეადგინა.
ჩვენთან საუბრისას რატიშვილი აღნიშნავს, რომ პურის ფასის ზრდა გამოწვეულია არამარტო ფქვილის, არამედ ზეთის, საფუარისა და კომუნალურების გაძვირებით, ასევე ხელფასების ზრდით. მისი თქმით, მთავრობას, თუნდაც იმ თანხიდან, რაც ბიუჯეტში ფქვილზე საიმპორტო გადასახადის აკუმულირებით შევიდა, შეუძლია, მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენას პურზე 10 თეთრი დაუსუბსიდიროს.
„კატასტროფაა, რაც ამ ქვეყანაში ხდება პურის ფასებთან მიმართებით, 35 წელია პურის 5-10 თეთრით გაძვირება ქვეყნის რყევებს იწვევს, რადგან მოსახლეობა არის ღარიბი. წარმოგიდგენიათ, მთავრობები საქართველოში როგორ მოქმედებენ, რომ 35 წელია ადამიანებს პურის 10-თეთრიანი გაძვირება აწუხებთ.
მეორე საკითხია, პურის გაძვირება ყველას ერთნაირად აწუხებს? შეძლებული ადამიანებისთვის რატომ არის ეს თემა პრობლემური, ჩემთვის გაუგებარია. თუ საუბარია სოციალურად დაუცველ და ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობაზე, მთავრობას აქვს საშუალება, რომ ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას დაუსუბსიდიროს 10 თეთრი. შარშან მაგალითად, ფქვილის საიმპორტო გადასახადით ბიუჯეტში შევიდა 50 მილიონი ლარი, სუბსიდირებას სულ რაღაც 2.5 მილიონი ლარი დასჭირდება წელიწადში. ეს იქნება სწორი მიდგომა.
მესამე, პური მხოლოდ ფქვილისგან მზადდება? პურში ფქვილი ერთი კომპონენტია, დანარჩენებზე ვინმე ლაპარაკობს? გაძვირებულია საფუარი, ზეთი, მარილი, კომუნალური გადასახადები, მომატებულია ხელფასები. ზეთი ცოტა ხნის წინ მაგალითად 30%-ით გაძვირდა, მხოლოდ ფქვილზე რატომ არის გაუთავებელი ლაპარაკი, იმიტომ, რომ მეპურეებს ასე უნდათ?
მეხორბლეთა ასოციაცია ამზადებს საკითხს, რომ შემოვიდეს პურის ინდექსი, რომელიც ასახავს პურის ინგრედიენტების ფასების ცვლილების გავლენას ხაჭაპურის ღირებულებაზე. ხაჭაპური თუ ძვირდება მისი კომპონენტების გაძვირების შემთხვევაში, პური რატომ არ უნდა გაძვირდეს? იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და ხალხი უკმაყოფილო არ დარჩეს? აი ამ ქაოსულ მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.