კეროლაინ ლევიტი - რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის წყალობით მოხდა, პრეზიდენტი მზადაა, გამოიყენოს სანქციები, თუ აუცილებელი იქნება

კეროლაინ ლევიტი - რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის წყალობით მოხდა, პრეზიდენტი მზადაა, გამოიყენოს სანქციები, თუ აუცილებელი იქნება

03-06-2025 23:45
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 334

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გონივრულად ინახავს სანქციებს, როგორც ინსტრუმენტს თავის არსენალში, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

თეთრ სახლში ბრიფინგზე ლევიტს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის დამოკიდებულებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივის შესახებ, რომელსაც კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა აქვს.

„მინდა, ყველას შევახსენო, რამდენს მივაღწიეთ მხოლოდ ოთხ თვეში. წინა წელს, ამ დროს წარმოუდგენელი იყო, რომ რუსეთი და უკრაინა პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. ეს სწორედ დონალდ ტრამპის წყალობით მოხდა, რადგან ის ესაუბრა ორივე ქვეყნის ლიდერს. დონალდ ტრამპი მზადაა, გამოიყენოს სანქციები, თუ ეს აუცილებელი იქნება. ყველას ესმის, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალია და ხელმძღვანელობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, როგორც ეს უნდა იყოს“, – განაცხადა ლევიტმა.

აღსანიშნავია, რომ საუბარი ეხება კანონპროექტს, რომელიც წარადგინეს სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და ლინდსი გრემმა 80 თანაავტორთან ერთად. ამ ინიციატივას კონგრესის ორივე პალატაში მხარდაჭერა აქვს და მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას.

ამასთან, ლევიტს კითხვა დაუსვეს უკრაინის მიერ რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, ამის შესახებ თავად ტრამპი ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„დონალდ ტრამპი კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი იმ პროგრესის მიმართ, რომელსაც ვხედავთ, მაგრამ ის ასევე რეალისტია და ესმის, რომ ეს ორი ქვეყანა ომშია და დიდი ხანია, ომშია ჯო ბაიდენის სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამო. ტრამპს სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს, რომ ადამიანების სიკვდილი შეწყდეს და ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდეს“, – განაცხადა ლევიტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე