კრემლის შეშფოთება ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით სამართლიანია და აშშ მზადაა, ეს საკითხი უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ეს სამართლიანი შეშფოთებაა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. იცით, ალბათ შემიძლია ნატო-ში კიდევ ოთხი ქვეყანა დაგისახელოთ და ნატო-ში გაწევრიანების ნებართვისთვის 32-დან 32 ქვეყანაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რუსეთი დააყენებს. ისინი არ საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე, ისინი საუბრობენ ასევე საქართველოზე, მოლდოვაზე. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება თქვენს საზღვრებთან ახლოს. ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხად ითვლება“, - განაცხადა კელოგმა.