ადრეც ბევრჯერ მიფიქრია და მითქვამს კიდეც, რომ „საქსტატის“ მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შემაქვს, ახლა კი ამაში დავრწმუნდი“, - ამის შესახებ პალიტრანიუსის გადაცემაში „რეზიუმე“ ფინანსისტმა, ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა.
ფინანსისტის თქმით, ეკონომიკის რეალური ზრდა 2.6%-იანია იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ზრდა 9.5%-იანია.
„როცა ხედავ რომ მეფე შიშველია, გინდა, დარწმუნდე, რომ ნამდვილად შიშველია. „საქსტატი“ ძალიან სერიოზულად იტყუებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, როცა მე დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდანვე ვინტერესდებოდი სტატისტიკით, რომლის გარშემოც ძალიან ბევრი სისულელე იწერებოდა და შემდეგ ეს დადასტურდა კიდეც.
ჩვენი დეფაქტო ხელისუფლება და დეფაქტო პრემიერ-მინისტრი კობახიძე ისე ხშირად იტყუებიან, რომ სანაძლეოებსაც კი ვდებ ხოლმე, რომ ვერავინ მომიტანს 3-წუთიან მონაკვეთს, როცა კობახიძე ტყუილს არ ამბობს - ამ სანაძლეოს თქვენი ნებისმიერი მაყურებლისგანაც მივიღებ. ახლა ქვეყანაში ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ დეფაქტო ხელისუფლებას ფასადის კარგად წარმოჩენა ძალიან სჭირდება. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ვალუტის კურსი პროპაგანდის იარაღად აქციეს და გაიძახიან: „აი, ყველაფერი კარგად არის“. არადა, თუ ლარის კურსის საკითხს ცოტა უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ დოლართან კი მყარდება, მაგრამ ევროსთან მნიშვნელოვნად, დაახლოებით 7%-ით, გაუფასურდა.
ამ რეალობის გათვალისწინებით, დაწერეს და ამბობენ, რომ 1-ელ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი გამოსათვლელი ფორმა, ფორმულა, კონკრეტული მონაცემი ან რაიმე ხელმოსაჭიდი არ არსებობს - დამადასტურებელი არის მხოლოდ ის, რომ კობახიძემ თქვა. ჩემი გამოთვლებით, რომელიც კონკრეტულ მონაცემებზეა დამყარებული, რეალური ზრდა 2.6%-ია. ამიტომ, ვივარაუდებ, რომ კობახიძემ სტატისტიკის სამსახურს უბრალოდ დაავალა, ეს რიცხვი დაეწერათ და მათაც დაწერეს“, - აღნიშნა შურღაიამ.