კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა

25-07-2024 09:40
კატეგორიები: Uncategorized

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა.

კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე ეს გარემოება, სულ მცირე, მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის – 40 პროცენტის ქვემოთ არ ჩამოვა, რაც მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

კვლევის ფარგლებში ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნები და კონკურენციის გაუმჯობესებისთვის შემუშავებული მექანიზმები კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა სრულად გაიზიარეს.

„მობილური ბაზრის კომპლექსურ კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების მოსაზრებით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი საგანგაშოდ მაღალი მოგების მარჟაა. 2022 წლის მონაცემებით, „მაგთიკომის“ მოგების მაჩვენებელი – EBITDA მარჟა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე) ევროპის საშუალოზე ორჯერ მეტია. კერძოდ, ევროპის ქვეყნებში საშუალო მოგების მაჩვენებელი – 35 პროცენტს, ხოლო „მაგთიკომისთვის“ 75 პროცენტს უტოლდებოდა.

გარდა ამისა, მობილური მომსახურებების ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა – 10 პროცენტით, ხოლო შემოსავლები 45 პროცენტით გაიზარდა. ამის ფონზე კი „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა და, როგორც 2022-ის, ისე 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41 პროცენტსა და შემოსავლების 49 პროცენტს ფლობდა. ხოლო რაც შეეხება ARPU-ს, იმავე ერთი მომხმარებლისგან შემოსულ საშუალო შემოსავალს, სხვა ოპერატორებთან შედარებით, „მაგთიკომი“ აქაც მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს.

კომპლექსური კვლევის მიხედვით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან ძალაუფლებაზე მეტყველებს ისიც, რომ, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 51 პროცენტს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებდა, მაშინ როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი – 30 პროცენტს, „სელფი მობაილისთვის“ კი 19 პროცენტს უტოლდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მობილური ინტერნეტის მოხმარება 592 პროცენტით გაიზარდა, „მაგთიკომი“ კი ამ პერიოდის განმავლობაში უცვლელად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2022 წლისთვის „მაგთიკომი“ თავის ქსელში, „სილქნეტთან“ შედარებით, 69 პროცენტით მეტს, ხოლო „სელფი მობაილთან“ შედარებით 178 პროცენტით მეტ ინტერნეტტრაფიკს ატარებდა.

საყურადღებოა ისიც, რომ 2019-2022 წლებში „მაგთიკომმა“, კონკურენტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, მაგალითად: აღნიშნულ პერიოდში დამატებული საბაზო სადგურების რაოდენობის 58.6 პროცენტი „მაგთიკომზე“ მოდის, როცა „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ წილები 35.4 პროცენტსა და 6.1 პროცენტს შეადგენს. თითქმის ორჯერ მეტია „მაგთიკომის“ წილი აპარატურაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც, ვიდრე „სილქნეტისა“ და „სელფის მობაილის“ შემთხვევაში. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს „მაგთიკომის“ სიმძლავრესა და დიდ პოტენციალზე.

ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორია, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით – როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

მათივე ცნობით, ექსპერტებმა აღნიშნეს ისიც, რომ, ბოლო წლების ტენდენციიდან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის – 40 პროცენტის ქვემოთ ჩამოვა ან „სილქნეტი“ და „სელფი მობაილი“ შემოსავლებითა თუ აბონენტების რაოდენობით ბაზრის 40-პროცენტიან წილს მიაღწევენ.

„კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კვლევა ქართულ ტელეკომ ბაზარზე მანამდე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს. კვლევის ყველა ეტაპზე კი, ორი წლის განმავლობაში კომისიის მხრიდან საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, მობილური ბაზრის პარალელურად, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტბაზრის კომპლექსურ კვლევასაც ატარებდა, რომლის ფარგლებშიც 14 ივნისს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ზეპირი მოსმენა კი პირველ აგვისტოსაა ჩანიშნული.

პოსტი ნახა: 53


გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!