ლაშა ქოიავა -  ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტი, რომელიც გორში ჩამოვიდა, გაიქცა

ლაშა ქოიავა - ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტი, რომელიც გორში ჩამოვიდა, გაიქცა

27-03-2025 16:26
კატეგორიები: პოლიტიკა

2008 წლის თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე, შეიძლებოდა საბრძოლო მოქმედებები დაწყებულიყო,- ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

„2008-ში ინტენსიური მეცადინეობები მიმდინარეობდა იმიტომ, რომ უკვე ვიცოდით, მალევე საბრძოლო მოქმედებები იქნებოდა. თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე, შეიძლებოდა საბრძოლო მოქმედებები დაწყებულიყო. გაზაფხულის ბოლოს, მაისი-ივნისის დასაწყისში. შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამინისტროსა და აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს სამინისტროს შესაძლებლობები, რამაც მაშინ, რა საკვირველია, საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. მე დამისვეს ამოცანა, რომ სასწრაფოდ, მაისის ბოლოსთვის საველე ჰოსპიტალი ქმედითი ყოფილიყო. ეს დამავალა სახმელეთო ჯარების სარდალმა. მეცადინეობები ყოველდღიური რეჟიმით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა", - განაცხადა ქოიავამ.

მან ისაუბრა 2008 წლის აგვისტოზეც.

"2008 წლის 6 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე დამირეკა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა და მიბრძანა გამოვცხადებულიყავი დისლოკაციის ადგილზე და პირადი შემადგენლობა სრულად გამომეძახა. მითხრა, რომ ეს არ არის სასწავლო განგაში. ამასთან, მომემზადებინა ჰოსპიტალი მოძრაობისთვის. გეგმა წინასწარ შემუშავებული გვქონდა. ასევე, მომემზადებინა ჰოსპიტალი მარშისთვის და ხუთ საათზე გამოვცხადებულიყავი. ეს უკვე 7 აგვისტოს მინისტრთან სათათბირო დარბაზში. რა საკვირველია, ჩავედი საგურამოში, გავეცი შესაბამისი ბრძანებები, ხელი მოვაწერე შესაბამის ქაღალდებს. ჩემი შტაბის უფროსს და მოადგილეს დავავალე მოემზადებინათ კოლონა მარშისთვის, ჩაეტვირთათ შესაბამისი საჭირო ქონება და სამინისტროში გამოვცხადდი. ხუთი საათისთვის შეგროვილი იყო შეიარაღებული ძალების ყველა მეთაური. თათბირი გადაიდო, 8 საათისკენ [დაიწყო]. კარი გაიღო, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ ვანო მერაბიშვილი, შემდეგ შალვა ჯანაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი, ზაზა გოგავა. დასხდნენ თათბირი დაიწყო. სამხედრო ჯარების სარდალმა მოახსენა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბრძოლო მოქმედების დაწყება. გეგმაში ყველაფერი გაწერილია საათობრივად. ყველა პუნქტით, სადაც რომელი სამხედრო ნაწილი უნდა მდგარიყო, რომელ საათზე უნდა გამოცხადებულიყო, როდის უნდა გაშლილიყო და ა.შ. ამის დეტალურად ჰყვებოდნენ.

სამხედრო გეგმის მიხედვით, ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა [მომხდარიყო] როკის გვირაბით, რომელზეც დრო საკმაოდ შეზღუდული იყო. უნდა ჩაკეტილიყო როკი. ამის შემდეგ, ჯარის უკუქცევა ხდებოდა, მისი განთავსება ცხინვალის გარშემო და ცხინვალის იმდროინდელი ხელისუფლების, უზურპირებული მთავრობისა თუ ბანდის უფროსებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ მოწყვეტილები, მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ამასთან, საუბარი იმაზე, რომ არ მომხდარიყო უაზრო სისხლის ღვრა, წამოსულიყვნენ მოლაპარაკებებზე და ქართული ჯარი და პოლიცია ცხინვალში შეეშვათ“,- განაცხადა ქოიავამ.

ამასთან, ქოიავას განცხადებით, ომის დროს ჯარმა დაინახა, რომ იმ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „გაიქცა“, ეს მაშინვე ელვისებურად გავრცელდა, რამაც ჯარში „სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“.

„უმაღლესი მთავარსარდალი - პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] გაიქცა. მთელი მოვალეობები, რომელიც მას უნდა შეესრულებინა, ვინ შეასრულებდა? რა საკვირველია, ის თურმე საქართველოდან არ გაქცეულა, ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ იქ არც ტელევიზორი გვქონდა და არც ინტერნეტი. ერთადერთი რაც ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს იყო ის, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც გორში ჩამოვიდა, გაიქცა. აქ კიდევ ერთი მომენტია, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე - არც ის, არც მინისტრი და არც გაერთიანებული შტაბის უფროსი, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ კაბინეტებში და მასშტაბურად ემართათ ის, რაც მათ ევალებოდათ. აქ მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა, მაშინვე გავრცელდა ელვისებურად, რამაც ჯარში სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“, - განაცხადა ქოიავამ.

ამასთან, ქოიავამ ისაუბრა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდზეც და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ოქრუაშვილი მინისტრად დაინიშნა, მან ვეტერანების „ტოტალური გაშვება“ დაიწყო.

„[გიორგი] ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება მოხდა უკვე ოქრუაშვილის დანიშვნისას. მან ერთი ბრძანებით გაუშვა 2 ათასზე მეტი ოფიცერი, რომელსაც ჰქონდათ განათლება მიღებული არა მარტო საბჭოეთის რუსის ჯარში, არამედ ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთად. იქ არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება, არამედ კურსებიც იყო, რომელიც ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას აძლევდა ადამიანს. ადგილები, რომლებიც გამოთავისუფლდა უფროსი ოფიცრებისგან, დააკავებინეს უმცროსს ოფიცერთა შემადგენლობას. ხალხს, რომელმაც უნდა ისწავლოს, მიანიჭეს უფროსი ოფიცრების წოდებები და დანიშნეს პოზიციებზე, საიდანაც მათ უნდა ასწავლონ უმცროს ოფიცრებს. ეს ოქრუაშვილის დროს მოხდა. წოდების რიგგარეშე მინიჭება ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ ალბათ, ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებების დროს შეიძლება ორჯერ მოხდეს. ამან რა საკვირველია, ჯარში გარკვეული დეფორმაცია და დემორალიზაცია გამოიწვია“,- აღნიშნა ქოიავამ.

ამასთან, ქოიავას თქმით, დავით კეზერაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდგომ, „იმის იმიტაცია მოხდა, რაც ოქრუაშვილის დროს გაუქმდა“.

„2007 წელს დაინიშნა კეზერაშვილი მინისტრად და ჩემს სუბიექტურ შეხედულებას ვიტყვი, რომ იმის იმიტაცია მოხდა, რაც ოქრუაშვილის დროს გაუქმდა. ოქრუაშვილის დროს იყო გაუქმებული ძალიან ბევრი საკვანძო მომენტი. გაუქმებული იყო სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული 10 ბატალიონი - „კომანდოსები“, ფრანგებისა და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო მსროლელი ბატალიონი. სამხედრო ჰოსპიტალი გადაიტანეს გორში, მაგრამ, რეალურად, მოხდა მისი გაუქმება. ხალხი, რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა და ჯარიდან იყო, გაუშვეს. ძირითადი ადამიანები, ვინც შემდგომ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა, იყვნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც ჯართან საერთო არასდროს არაფერი არ ჰქონიათ. ამასთან, გაუქმებული იყო ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, სამხედრო აკადემია, შემდგომ აღდგენილი და გადატანილი გორში 8-თვიანი კურსით, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას.

ამას იმიტაციად ვთვლი იმიტომ, რომ სამხედრო დაზვერვის შექმნისას ბევრი ადამიანი იყო მოყვანილი ისეთი, რომელსაც სამხედრო დაზვერვის სპეციფიკასთან შეგუება გაუჭირდა“,- აღნიშნა ქოიავამ.

პოსტი ნახა: 457


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე